ევროკავშირის დაფინანსებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მონაწილეობით, პრესტიჟული Erasmus Mundus Design Measures (EMDM) პროგრამის ფარგლებში პროექტის - Responsible Organizations’ Management for Sustainable Transitions (ROMST) - განხორციელება იწყება.
პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი გადასვლების კონტექსტში ორგანიზაციების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ერთობლივი, ინოვაციური საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის შექმნას.
ROMST-ის ფარგლებში შეიქმნება საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც მოამზადებს მომავალ მეწარმეებსა და ლიდერებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების ეფექტიანი მართვისთვის თანამედროვე სოციალური, ეკოლოგიური და ციფრული ტრანსფორმაციების პირობებში.
ინიციატივა მნიშვნელოვანია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის გაძლიერების თვალსაზრისითაც, რადგან ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირებასა და თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული აკადემიური პროგრამების განვითარებას.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შემუშავებას, ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე მდგრადი განვითარების, პასუხისმგებლიანი მართვისა და ტრანსფორმაციული ლიდერობის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
ROMST პასუხობს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (European Green Deal) პრიორიტეტებს და ორიენტირებულია სუფთა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობაზე. ინიციატივა აერთიანებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ მაღალი დონის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებაზე.
პროექტის ხანგრძლივობა 15 თვეა.
(R)