ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატი - იმისათვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს აგინებს და გაუპატიურებით, დაკავებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, არ არის კანონიერი მოთხოვნა

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი, იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილო - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა უნდა არსებობდეს - პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს აგინებს და გაუპატიურებით, დაკავებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, არ არის კანონიერი მოთხოვნა ,- ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოსგან უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოღებას და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ითხოვენ.

„არსად ქრება პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც საქმეს პირველივე დღიდან თან სდევდა. [ეს] სისხლის სამართლის საქმე, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ამას ადასტურებს არა მარტო ჩვენი სუბიექტური შეხედულება, არამედ უამრავი საერთაშორისო დონის, მაღალი კვალიფიციური არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები.

ის სამართლებრივი მსჯელობები, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა გადაწყვეტილებაში არის ანტი-კონსტიტუციური და თვისობრივად, ანტი-საკანონმდებლო მოთხოვნათა დათქმის საწინააღმდეგო, ამიტომ შეუძლებელია გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს. ყოველგვარი ძალადობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა, რითაც ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც ბიჭებს მოძალადეებად მოიხსენიებდა, ტყუილსა და ცილისწამებაში ამხილა.

სააპელაციო სასამართლოში გრძელდება მსჯელობა თუ რამდენად იქნა ორგანიზებულად საზოგადოებრივი წესრიგი დარღვეული. პასუხი მარტივია - იმისათვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი. იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილო - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა უნდა არსებობდეს. საზოგადოებრივი წესრიგის ნაცვლად არსებობდა - სპეციალურად მომზადებული, ბორბლებიანი საწამებელი ოთახები, არსებობს 500 ნაწამები ადამიანი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. ეს კი საზოგადოებრივი წესრიგი არ არის. პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს აგინებს და გაუპატიურებით, დაკავებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, არ არის კანონიერი მოთხოვნა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვა, არ ეყო გამბედაობა და პოლიტიკურ განმცხადებლებსა და აქტორებს თითი მოუკაკვა. მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ვითხოვთ, უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოკლებასა და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას“,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 17 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება, ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, სადაც, სავარაუდოდ მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი