ბესიკ დონაძე - მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირება მძიმე ტვირთია, რაც გამოიხატება არა მარტო გადასახადში, არამედ გაძვირებულ პროდუქტში, რომელსაც „ებრძვის“ „ქართული ოცნება“ - კომისია, რომლის ყველა წევრი მილიონერია, ეძებს დამნაშავეს

კომისიის, რომელიც ფასებს იკვლევს, ყველა წევრი ოფიციალური მილიონერია - მოსახლეობას დაუწყებენ მტკიცებას, რომ მთავრობა არის კეთილსინდისიერი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაბალი ფასი იყოს, ამ ყველაფერში კერძო კომპანიებია დამნაშავე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

დონაძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ხუთი თეთრით ზრდა გამოიწვევს ყველა პროდუქტის გაძვირებას, რადგან დენი გავლენას ახდენს წარმოებისა და მომსახურების ყველა ეტაპზე.

დონაძის მოსაზრებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიზანია გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობის კერძო სექტორზე გადატანა.

„ელექტროენერგია ყველა საფეხურზე 5 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ყველაფერზე გაიზრდება ფასები. თუკი კომერციულ დაწესებულებებს გაუძვირდებათ ელექტროენერგია, შესაბამისად, ფასი მოიმატებს ყველაფერზე. არ არსებობს პროდუქტი თუ ნივთი, რომელიც არ გაძვირდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთი თეთრით გაძვირება არის მძიმე ტვირთი, იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან, რაც დღეს არის ქვეყანაში. შესაბამისად, ეს ტვირთი არა მარტო დენის გადასახადი იქნება, არამედ იმ გაძვირებულ პროდუქტში, რომელსაც ახლა „ებრძვის“ „ქართული ოცნება“. კიდევ უფრო გაძვირდება პროდუქტი. ამას ისიც ემატება, რომ ძვირდება ნავთობის ფასი.

რაც შეეხება კომისიას, რომელიც ფასებს იკვლევს, მისი ყველა წევრი ოფიციალური მილიონერია. მათ არ ეხებათ, დენის ხუთი თეთრით გაძვირება და არც პროდუქტების გაძვირება. ფასების შემსწავლელი კომისიის შექმნით „ქართული ოცნება“ რეალურად ეძებს დამნაშავეს, უნდა გამოკვეთოს დამნაშავე - „ქართული ოცნება“ ხომ არ არის ფასების გაზრდაში დამნაშავე?! დამნაშავეა რომელიღაც სუპერმარკეტი, სადისტრიბუციო კომპანია.

საბოლოო ჯამში, საგამოძიებო კომისია დადებს დასკვნას, რომ დამნაშავეა კერძო სექტორი და ამიტომაც არის ძვირი. მოსახლეობას დაუწყებენ იმის მტკიცებას, რომ მთავრობა არის კეთილსინდისიერი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაბალი ფასი იყოს, ამ ყველაფერში კერძო კომპანიებია დამნაშავე“, - განაცხადა დონაძემ.

მისი თქმით, გადასახადების შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ფასების კლებისთვის.

დონაძის განცხადებით, ხელისუფლებას შეუძლია საწვავზე აქციზის გაუქმება, რაც ფასის დაახლოებით 40 თეთრით შემცირებას გამოიწვევდა.

„ნორმალურ ქვეყნებში ფასების კლება ხდება გადასახადების შემცირების ხარჯზე. როდესაც საგადასახადო ტვირთს ამცირებ, ამის შემდეგ ხდება ფასების შემცირება, მაგალითად, თუ შეამცირებ დამატებითი ღირებულების გადასახადს ე.წ. დღგ-ს, შემცირდება ფასი. რამდენიმე დღეა დიზელზე 50 თეთრით გაიზარდა ფასი, ხოლო 40 თეთრით საწვავი. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გააუქმოს აქციზი, რაც გამოიწვევს 40 თეთრით საწვავის გაიაფებას“,- განაცხადა დონაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი