გიორგი შარაშიძე - ამერიკელები ზოგადად ყველას ესაუბრებიან - ვფიქრობ, სერიოზული საუბარი იყო, არასახარბიელო კობახიძისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით, იმედისმომცემი საქართველოსთვის

ამერიკელები ზოგადად ყველას ესაუბრებიან და საუბარში არაფერი განსაკუთრებული არ არის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ მთავარია ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყოს კარგი მარკო რუბიოს გზავნილები, ხოლო „ოცნებისთვის“ რამდენად კარგი გზავნილები იყო, ამის გასარკვევად მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

ასევე, შარაშიძის თქმით, არ უნდა იყოს შემთხვევითი აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწესებული სანქციების გახანგრძლივების კონტექსტიც, რამაც ჩამოანგრია მითი, რომ ტრამპი განსხვავებულ დამოკიდებულებას აირჩევდა ივანიშვილის მთავრობის მიმართ.

„საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკელები ზოგადად ყველას ესაუბრებიან და საუბარში არაფერი განსაკუთრებული არ არის. მთავარი ის არის, რაზეა საუბარი. თავად სახელმწიფო დეპარტამენტის მშრალ ინფორმაციას, რაც ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის არის ხელმისაწვდომი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არ არის ყველაფერი, რაზეც სინამდვილეში შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. მთავარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყოს კარგი, „ოცნებისთვის“ და კობახიძისთვის რამდენად კარგი გზავნილები შეიძლებოდა მიეღო მარკო რუბიოსგან, ეს მეორე საკითხია.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ დღეს იყო ტრამპის მიერ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია, რამაც ფაქტობრივად ჩამოანგრია გავრცელებული მითი, რომ თურმე მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციაში იყო პრობლემა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებულ დამოკიდებულებას აირჩევდა ივანიშვილის მთავრობის მიმართ. ეს რომ ასე არ არის დიდი ხანია ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძის თქმით, ის, თუ რაზე იყო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის, ხვალიდანვე გამოჩნდება „ქართული ოცნების“ ქმედებებში.

„მე ვფიქრობ, რომ სერიოზული საუბარი იყო, მაგრამ არასახარბიელო კობახიძისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით, სახარბიელო და იმედისმომცემი საქართველოსთვის. ვფიქრობ, ხვალიდანვე, თუ დღეს საღამოსვე არა, ეს გამოჩნდება და დიდი ალბათობით დავინახავთ. ვნახოთ, მე მაინც მგონია, რომ მათ [„ქართულ ოცნებას] მოუწევს უკან დახევა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ამერიკული მხარის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ პლატფორმა X-ზე დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სატელეფონო საუბარს „ნაყოფიერი“ უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, საუბრის დროს, ხაზი გაუსვეს „პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას“. როგორც კობახიძე წერს, „ადასტურებს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი