თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელში ათავსებდნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სძალავდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ჯგუფურად), 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი წამება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.