ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გასაკვირი არ არის, რომ რეჟიმის დარჩენილი ელემენტები კიდევ უფრო მეტად გამოხატავენ მზადყოფნას, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, მაშინ, როდესაც ეს ჯერ კიდევ შეუძლიათ. რეჟიმის მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, მოლაპარაკებები გრძელდება და ის კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, რასაც საჯაროდ ამბობენ, განსხვავდება იმისგან, რასაც პირად საუბრებში გვეუბნებიან“, - განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, ლევიტის ცნობით, ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „წარმატებით და გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს და აშშ-მა დღემდე 11000 სამიზნეს დაარტყა.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები ირანის თავდაცვითი სამრეწველო ბაზის განადგურებას აგრძელებს. მათი რაკეტების, დრონებისა და საზღვაო საწარმოო ობიექტებისა და გემთსაშენების დაახლოებით 70% დაზიანებული ან განადგურებულია“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, „როგორც დონალდ ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, ირანში ოპერაცია ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდება“.
„ახლა 30-ე დღეა. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ დაიანგარიშოთ კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება პენტაგონს ოპერაციის მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ლევიტმა.