მოქალაქეებისთვის ყველგან ერთნაირი წესები უნდა იყოს, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, მურმან მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დენის ტარიფზე საუბრისას განაცხადა.
მარგველაშვილმა ენერგეტიკაში კრიპტო მაინინგის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ენერგიის მოხმარება ფარულად ხდება, სხვისი გამდიდრების სანაცვლოდ კი ამაში მოქალაქეები იხდიან ფულს.
„აქ ბევრი საკითხია, პირველი არის კრიპტო მაინინგი. კრიპტო მაინინგი ბევრ ადგილას არის განთავსებული, ერთ-ერთი მტკივნეული ადგილი არის სვანეთი, სადაც მოსახლეობა გადაუხდელად მოიხმარს ელექტროენერგიას და არის დიდი ეჭვები, რომ კრიპტო მაინინგის საწარმოები ასევე, ფარულად მოიხმარენ ენერგიას მოსახლეობის საფარველ ქვეშ და ამას სჭირდება მიხედვა. სხვათა შორის, ჩვენ ამ პრობლემას ხაზი გავუსვით და პარლამენტის მიერ შარშან მიღებულ ენერგეტიკულ პოლიტიკაში სწორედ ეს ჩანაწერი არსებობს, ამას შესრულება სჭირდება, დისციპლინა არის დასამყარებელი. სახელმწიფო თუ არის და მას თუ აქვს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე, მაშინ ეს სუვერენიტეტი უნდა განახორციელოს და მოქალაქეებისთვის ყველგან ერთნაირი წესები უნდა იყოს, მათ შორის, სვანეთში. სამწუხაროდ, აფხაზეთზე ახლა ვერ მოვითხოვთ გასაგები მიზეზების გამო, თუმცა აფხაზეთი არის ჩვენი ენერგეტიკის კიდევ ერთი შავი ხვრელი, რომელსაც ჩვენ ვფარავთ და ჩვენ ვიხდით. ესეც გასათვალისწინებელია, როდესაც ფასებზე გვაქვს ლაპარაკი.
ეს კრიპტო მაინინგი ისეთ ინდუსტრიულ ზონებშია მოთავსებული, სადაც ისინი არ იხდიან დამატებით გადასახადს. ძალიან დიდი კითხვის ნიშანია აქ, თუ რატომ ხდება ეს, რატომ უნდა ვიხდიდეთ ჩვენ ამ გადასახადს და არ უნდა იხდიდეს ის, ვინც ამით მდიდრდება ან რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ კრიპტო მაინინგს ქვეყნისათვის, როდესაც არც სამუშაო ადგილებს ამატებს, არც რამე სტრატეგიულ პროდუქტს ქმნის, უბრალოდ რამდენიმე ადამიანის გამდიდრებისთვის არის ეს გაკეთებული”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
დენის ტარიფის ზრდასთან მიმართებაში მარგველაშვილმა საზოგადოების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ინსტიტუციების გაძლიერება, რომელიც ყველაფერს დაარეგულირებს, რაც მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს.
“მოსახლეობას უნდა მოვკითხოთ, რატომ ტყდება ყოველთვის მასზე ჯოხი. უნდა მოითხოვოს არა შედეგები, არამედ მექანიზმები, სისტემები. უნდა არსებობდეს ხე, რომ იმან ნაყოფი მიიღოს. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეობრივი, ზრდასრული ადამიანის ფსიქოლოგია ვერ ჩამოგვიყალიბდა. ყოველთვის გვინდა რაღაც იაფად, ყოველთვის გვინდა რაღაც უფასოდ, ოღონდ ამის უკან რაც არის საჭირო, იმაზე ზრუნვა არ გვინდა. დროა, დავჭკვიანდეთ, დროა ზრდასრული ადამიანების ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდეს და ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუციები არსებობდეს, რომელიც სწორად იმუშავებს”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.