ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ბუჩას ხოცვა-ჟლეტის საშინელ წლისთავს. იმ დღეს, დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელმა სურათებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ამ დღეს ევროპის ასეთი ძლიერი ყოფნა აჩვენებს, რომ ამ და სხვა რუსული სისასტიკისთვის სამართალი გარდაუვალია”, - წერს სიბიგა.
მისი განცხადებით, ამ დღეებში ასევე ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2022 წელს კიევის ოლქისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების განთავისუფლება დაიწყო.
„ეს ვიზიტი ნამდვილი სიმამაცისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშანია. მადლობელი ვარ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და ყველა ევროპელი კოლეგის, რომლებიც დღეს უკრაინაში ჩამოვიდნენ“, - წერს სიბიგა.
კალასის გარდა, კიევში ჩავიდნენ გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, იტალიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იოჰან ვადეფული, რადოსლავ სიკორსკი, ბაიბა ბრაჟე, კესტუტის ბუდრისი, ანტონიო ტაიანი და მარგუს ცაჰკნა.