პირველი კვარტლის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 980 000 ლარის შემოწირულება მიიღო, „ლელომ“ - 146 000, „თავისუფლების მოედანმა“ - 46 745 - აღნიშნულ პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულება არ მიუღია

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შემდეგ მოდის „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში პარტიას შემოწირულება არ მიუღია.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას 15 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 28 შემომწირველი ჰყავდა. მათ შორის: თბილისის მერი, კახა კალაძე. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შემოწირულებას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პარტიას მიმდინარე წლის 2 თვეში, 8 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 146 ათასი ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ასევე, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს შემოწირულება მიღებული აქვს „თავისუფლების მოედანსაც“. პარტიას 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 44 შემომწირველი ჰყავდა, რომელთაც ჯამში პარტიისთვის 46 745 ლარი გაიღეს. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ლიდერები: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა და სიმონ ჯანაშია.

რაც შეეხება „კოალიციას ცვლილებებისთვის“, 2026 წლის 14 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, მათ შემოწირულების სახით 3460 ლარი მიიღეს. კოალიციას ამ პერიოდისთვის თანხა 8-ჯერ შესწირეს. შემომწირველებს შორისაა კოალიციის წევრი, მაია კოპალეიშვილი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „გახარია საქართველოსთვის“ მიმდინარე წელს 2371 ლარი ჩაერიცხა. პარტიის შემომწირველებს შორისაა დეპუტატი თამარ ხვედელიანი.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში შემოწირულება მიღებული აქვს „ანა დოლიძე- ხალხისთვის“. პარტიას 24 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 2100 ჩაერიცხა. მას ამ პერიოდის განმავლობაში სულ 8 შემომწირველი ჰყავდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი