დენის ტარიფის ზრდის მიზეზებსა და იმაზე, ამ სფეროში მომავალში, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები, „ინტერპრესნიუსი“ ენერგეტიკოსს, მურმან მარგველაშვილს ესაუბრა.
- ბატონო მურმან, ხელისუფლებამ დენის ტარიფის 5 თეთრით გაზრდის შესახებ გვამცნო. ამ თემაზე ბევრი განმარტება კი მოვისმინეთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება.
მსოფლიოში დაჩქარებულად ბევრი რამ იცვლება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც და მასზე ფასის ზრდაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ამჯერად დენის ტარიფის ზრდა სწორედ გაზრდილი მოხმარებით აიხსნა. თან ითქვა, რომ მიღებულ იქნა „დაბალანსებული გადაწყვეტილება“.
თქვენ როგორ შეაფასებდით დენის ტარიფზე 5 თეთრით ზრდას და ამ თემაზე სემეკის თავმჯდომარი დავით ნარმანიასა და სხვების განმარტებებს?
- ბრძანეთ, რომ დენის ტარიფის ზრდა ხელისუფლებამ გვამცნო. ნორმალურ სიტუაციაში სემეკი უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობისაგან. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობები ენერგეტიკას პოლიტიკური პოპულიზმისა და პოლიტიკური დივიდენდების მიღებისა და ასევე ზეგავლენების გაძლიერებისთვის იყენებდნენ.
ევროპული და საერთაშორისო სტანდარტით სემეკი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ენერგეტიკა პოლიტიკური გავლენებისგან დაიცვას და დენის ტარიფიც წმინდა ეკონომიკურ გათვლებზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე, მოსახლეობის ინტერესებზე იყოს დამოკიდებული, დაბალანსებული და შეესაბამებოდეს ენერგეტიკის სისტემის სრულფასოვან მუშაობას.
რაც შეეხება 5 თეთრით დენის ტარიფის ზრდას. დაახლოებით 25-30%-იანი ზრდაა. მაგრამ, აქ ისიც უნდა გავიხსენოთ რომ დენის ტარიფი 2023 წელთან შედარებით 2024 წელს 3 თეთრით დაწეული იყო. 2023 წელთან შედარებით 2 თეთრით ზრდა არის მხოლოდ.
რა თქმა უნდა, ეს დიდად დამამშვიდებელი არ არის, რადგან დაანონსებულ ზრდას მოსახლეობა საკმაოდ იგრძნობს. თუმცა, აქაც უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვა რამეს. ეს არ არის ის, რომ ჩვენ ამ ტარიფს გადავიხდით. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ენექტროენერგიის დაზოგვის გზები. თუმცა, მომხდარი სასურველი და სახარბიელო არ არის.
რამდენად არის გამართლებული, ამას სჭირდება დეტალური განხილვა და თავად პროცესებში გარკვევა. ტარიფების ნაზრდი არის დაფუძნებული ქსელური კომპანიების მოთხოვნილების ზრდისა და იმპორტის საჭიროების ზრდაზე. ჩვენ გვიწევს მეტი იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარება, რაც უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენი ჰესების, განსაკუთრებით ენგურჰესის იაფი ენერგია.
დენის ტარიფის ზრდის შესახებ გადაწყვეტილებაზე დეტალებისა და აუდიტის მასალების გარეშე პროფესიულად ვერ ვიმსჯელებ. ვერც იმას ვიტყვი რომ ამ გათვლებში რაიმე შეცდომაა. ჩემს მიერ ამ თემაზე ტარიფის ზრდის ფაქტორებზე მსჯელობა იმაზე მიუთითებს, რომ დაანონსებული ზრდა, სავრაუდოდ, სწორადაა გათვლილი
რადგან იმპორტის წილი იზრდება, შესაბამისად იზრდება საშუალო ენერგიის ღირებულებაც. ამის გარდა, ქსელურ კომპანიებში არის მეტი ინვესტიციების გაკეთების საჭიროება. სწორედ მათ განაცხადებსა გათვლებს ეფუძნება ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ქსელებში რომ კარგად საქმე არ არის, ამას მგონი ყველა ვგრძნობთ, რადგან, საკმაოდ მომატებულია ქალაქში ხშირი გათიშვები. როგორც ვიცი, გათიშვების თვალსაზრისით რეგიონებში კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. ამას სჭირდება ინვესტირება, ასევე ინვესტირება სჭირდება მაღალი ძაბვის ხაზებს, მეტი ქარის და ჰიდრო ენერგია გვჭირდება რომ მათი ერთიან ქსელში მოქცევის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.
დენის ტარიფის ზრდის შესახებ გადაწყვეტილებაზე დეტალებისა და აუდიტის მასალების გარეშე პროფესიულად ვერ ვიმსჯელებ. ვერც იმას ვიტყვი რომ ამ გათვლებში რაიმე შეცდომაა. ჩემს მიერ ამ თემაზე ტარიფის ზრდის ფაქტორებზე მსჯელობა იმაზე მიუთითებს, რომ დაანონსებული ზრდა, სავრაუდოდ, სწორადაა გათვლილი.
- სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიას თქმით, „ენერგო-პროს“ საინვესტიციო გეგმა წლიურად 100 მილიონი ლარით შემცირდა“.
როდესაც ქსელების რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ასევე ამის გამო ტარიფის ზრდაზე, მაშინ გამოდის რომ „ენერგო-პრო“ ინვესტიციას თავად კი არ ახორციელებს, არამედ ქსელების რეაბილიტაცია იმ მოგებიდან უნდა განხორციელოს, რომელსაც იგი გაზრდილი ტარიფით მოსახლეობისაგან ამოიღებს.
ასე გამოდის?
- საერთოდ, უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა. მაგრამ, „ენერგო-პროს“ მოგება ცალკეა დაფიქსირებული. ანუ როგორი მოგემა შეიძლება მას ჰქონდეს. ვინაიდან, „ენერგო-პრო“ კერძო კომპანიაა, რა თქმა უნდა, მას გარდა ხარჯებისა, რაც მან უნდა გაიღოს, გარკვეული მოგება უნდა დარჩეს.
რაც შეეხება ინვესტიციას, სწორედ ინვესტიციის კომპონენტია ჩადებული იმ ტარიფში, რომელსაც ჩვენ მომხმარებლები ვანაზღაურებთ. ეს მოგებას არ ეხება. მოგება დამატებით ედება მთლიანად „ენერგო-პროს“ ღირებულებას და ეს რეგულირდება სემეკის მიერ.
სწორედ ინვესტიციის კომპონენტია ჩადებული იმ ტარიფში, რომელსაც ჩვენ მომხმარებლები ვანაზღაურებთ. ეს მოგებას არ ეხება. მოგება დამატებით ედება მთლიანად „ენერგო-პროს“ ღირებულებას და ეს რეგულირდება სემეკის მიერ
- კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ. ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. იზრდება რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა. სხვადასხვა მონაცემებით იგი წინა წლებთან შედარებით 20-25%-ს აღწევს.
ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო მეტად ხდება დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიაზე. ასეა?
- სამწუხაროდ, ასეა. და ეს არ ეხება მხოლოდ დენს, ასევე გაზრდილია რუსულ გაზზე დამოკიდებულება. თუ სწორად მახსოვს, რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტმა მილიონ კუბამეტრს გადააჭარბა. შემდეგი წლიდან ეს ჩვენს მიერ მოხმარებული გაზის ნახევარია. ზამთრის თვეებში ჩვენ, შესაძლოა, რუსეთიდან 20-25%-ზე მეტ დენსაც ვღებულობდეთ.
თუ სწორად მახსოვს, რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტმა მილიონ კუბამეტრს გადააჭარბა. შემდეგი წლიდან ეს ჩვენს მიერ მოხმარებული გაზის ნახევარია. ზამთრის თვეებში ჩვენ, შესაძლოა, რუსეთიდან 20-25%-ზე მეტ დენსაც ვღებულობდეთ
ჩვენ თუ შევხედავთ აფხაზეთის მიერ დენის მოხმარებას, რაც საქართველოს მოხმარებული დენში შედის, რა თქმა უნდა, რუსეთიდან საქართველოში დენის იმპორტი საკმაოდ მაღალია. ანუ, რამდენიმე წელია საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე იზრდება.
- დამკვირვებელთა ნაწილმა დენის ტარიფის ზრდას არასწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აბრალებს. ნაწილი თვლის რომ მეტი ადგილობრივი გენერაცია გვჭირდება და ამას ვერ ვახერხებთ.
აქეთ საერთაშორისო სასამართლოებში წაგებული საქმეების გამო რუსული „ინვესტის“, ასევე „ნამახვანისა“ და „ჰუდონის“ გამო ჯარიმები გვაქვს გადასახდელი.
ეს ფაქტორები რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს დენის ტარიფის 5 თეთრით ზრდას?
- ასე პირდაპირ ვერ გეტყვით დენის ტარიფის ზრდა ამას უკავშირდება თუ არა. ვერც იმის თქმა შეიძლება გენერაციის გაზრდა შეამცირებს თუ არა დენის ტარიფს. ტარიფის მატებაში ალბათ არის ქსელების კომპონენტიც. ენერგეტიკულ ნაწილს რა შეეხება. ახალი სადგურების ღირებულებაც ძალიან იაფი არ არის.
ამიტომ, დაანონსებული ზრდა დენის ტარიფის, გარდაუვალი იყო. უნდა გითხრათ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ინფრასტრუქტურის ამორტიზაციის გაუმჯობესებით არიან დაკავებული, როგორც წესი, ელექტროენერგიის ფასი არის მაღალი. მაგალითად, რუმინეთში დენის ფასი 2-ჯერ ძვირია, ვიდრე ჩვენთან, ასევე ბულგარეთში 1,5 ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ჩვენთან.
დაანონსებული ზრდა დენის ტარიფის, გარდაუვალი იყო. უნდა გითხრათ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ინფრასტრუქტურის ამორტიზაციის გაუმჯობესებით არიან დაკავებული, როგორც წესი, ელექტროენერგიის ფასი არის მაღალი. მაგალითად, რუმინეთში დენის ფასი 2-ჯერ ძვირია, ვიდრე ჩვენთან, ასევე ბულგარეთში 1,5 ჯერ მეტი ღირს ვიდრე ჩვენთან
უფრო ნაკლები ღირს რუსეთში და აზერბაიჯანში, მაგრამ ეს ქვეყნები მთელ მსოფლიოს ამარაგებენ სხვადასხვა ენერგიის მატარებლებით. ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იმასაც უნდა შევეგუოთ მეტ-ნაკლებად, რომ ახალი განვითარებისთვის მეტის გადახდა მოგვიწევს.
ოღონდ ერთი რამაა კიდევ - რაც გვაქვს, იმის გამოყენება უნდა ვისწავლოთ სწორად და ეფექტურად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი