ჩვენ სრული მზაობა გვაქვს გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის კომუნიკაცია იძლევა საშუალებას, რომ ეს საკმაოდ გაწელილი პროცესი, ამის შემდეგ, უფრო დინამიურად, შინაარსობრივად და დატვირთულად გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ყოველი კონტაქტი ემსახურება იმ საკითხს, რომ საბოლოო ჯამში, ურთიერთობების გადატვირთვა, რეალურად მოხდეს“.
„საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ სრული მზაობა გვაქვს გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს, სტრატეგიული თანამშრომლობა მართლაც მაღალ დონეზე იქნას აყვანილი და ორმხრივი, სარგებლიანი ურთიერთობა გვქონდეს. ეს ზარი და კომუნიკაცია იძლევა საშუალებას, რომ ეს საკმაოდ გაწელილი პროცესი, ამის შემდეგ, უფრო დინამიურად, შინაარსობრივად და დატვირთულად გაგრძელდება.
ყოველი კონტაქტი ემსახურება იმ საკითხს, რომ საბოლოო ჯამში, ურთიერთობების გადატვირთვა, რეალურად შედგეს. მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი თვის წინ საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში იყო ჩასული. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში, თეთრ სახლში, ომის დეპარტამენტში და ყველგან, რა თქმა უნდა, ხაზგასმული იყო ურთიერთობის განახლების და ახალ დონეზე აყვანის მნიშვნელობა. მაშინაც ითქვა, რომ მარტის თვეში იქნებოდა გარკვეული კონტაქტები, რომელიც ამ ურთიერთობების გადატვირთვას მოემსახურებოდა. ვხედავთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის შემდგარი საუბარი ამის ლოგიკური გაგრძელებაა და მე ვფიქრობ, უფრო დიდი იმპულსის მომცემია მომავლისთვის. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ გეოპოლიტიკური ვითარება არის შესაბამისი, რაც საქართველოს, როგორც სტაბილური და პასუხისმგებლიანი ქვეყნის საჭიროებას საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ ერთხელ წარმოაჩენს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც.
„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.