გიორგი ვაშაძე - ყველას, ვისაც გიყვართ სამშობლო, ვინც ფიქრობთ, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, ვისაც გვინდა ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და რეგიონის ლიდერის სტატუსი დავიბრუნოთ, 26 მაისს გიწვევთ რუსთაველზე!

31 მარტს, დღეს „ოპოზიციის ალიანსი“ ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. პირველი მნიშვნელოვანი შეკრება გვექნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ეს არ არის მხოლოდ „ოპოზიციის ალიანსის“ პროცესი, ეს არის პროცესი, რომელმაც საერთო ეროვნული თანხმობისკენ უნდა წაგვიყვანოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

რაც შეეხება საერთო ეროვნული მობილიზაციაში საზოგადოების ჩართულობას, ვაშაძის განმარტებით, მათ შეუძლიათ პირდაპირ კამპანიაში ჩაერთონ და ასევე მივიდნენ შეხვედრებზე, რომლებსაც კონსოლიდირებული ოპოზიცია მოსახლეობასთან გამართავს.

„ყველას, ვისაც სურს, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ დავუბრუნდეთ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზას, ვისაც სურს, რომ ძლიერ, ძლევამოსილ საქართველოში ვიცხოვროთ, ვთავაზობთ, რომ შევიკრათ ერთ მუშტად, გავერთიანდეთ, კონსოლიდაცია მოვახდინოთ და პირველი მნიშვნელოვანი შეკრება გავაკეთოთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გიწვევთ ყველას, ვისაც გიყვართ სამშობლო, ვინც ფიქრობთ, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, ვინც ფიქრობთ, რომ გვინდა ნორმალურ, ძლიერ, დემოკრატიულ, ეკონომიკურად წელგამართულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ვისაც გსურთ, რომ რეგიონის ლიდერის სტატუსი დავიბრუნოთ - მოდით 26 მაისს და ჩაერთეთ ამ საერთო ეროვნული მობილიზაციის კამპანიაში. ჩვენ ხელს ვუწვდით ყველას! რაც მთავარია, 26 მაისს ყველა ერთად შევხვდეთ რუსთაველზე!

საზოგადოების ჩართულობის ფორმებს რაც შეეხება, შეუძლიათ, რომ პირდაპირ კამპანიაში ჩაერთონ, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა საზოგადოებასთან და შეუძლიათ მოვიდნენ ამ შეხვედრებზე. გვექნება სპეციალური ფორმები, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და თავისი იდეები მოიტანონ, თვითონ განახორციელონ გარკვეული ქმედებები. რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის ალიანსის პროცესი, ეს არის პროცესი, რომელმაც საერთო ეროვნული თანხმობისკენ უნდა წაგვიყვანოს. მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებას სჭირდება ერთ მუშტად შეკვრა და არა გათითოკაცება, რომელსაც ასე მიზანმიმართულად ახორციელებს რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება.

26-ში არის ამ მობილიზაციის კამპანიის პირველი დიდი საერთო ეროვნული შეკრება. ჩვენ ჩვენი მყარი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, რომ ვირჩევთ სამართლიანობას, დამოუკიდებლობას, საქართველოს - ევროკავშირში, ვირჩევთ ძლიერ ოჯახებს, ვირჩევთ უარს ამ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ვირჩევთ ერთიანობისა და კონსოლიდაციის გზას, აი, ამის გამოხატულება იქნება. დამოუკიდებლობის დღე ზოგადად ეს არის - ერის ერთიანობის დღე და ამიტომაც ვთავაზობთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს დავაფიქსიროთ ეს პოზიცია,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი