ალუდა ღუდუშაური - დღეს შეგნებულად არ ვიტყვი იმ თითო-ოროლა არარაობაზე, ვისაც არც ქართული გენი, არც ქართული ჯიში და ჯიგარი არ აქვს - როდესაც საქართველო არის ერთიანი, ვერავინ ვერც სუვერენიტეტს, ვერც ქართულ ინტერესს ვერ დაჩრდილავს

როდესაც საქართველო და ქართველი ერი არის ერთიანი, ვერასდროს ვერავინ ვერც სუვერენიტეტს, ვერც მის ქართულ ინტერესს ვერ დაჩრდილავს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველები ყოველთვის პოულობდნენ და იპოვიან ძალას, ქვეყნის სიყვარულში მტკიცენი და ძლიერები იყვნენ.

„მე იმ კუთხისა და გვარის წარმომადგენელი ვარ, რომლისაც იყო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და მისი ამ ქვეყნიდან გასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთობა, ერთიანობა, ერის ერთობა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის, ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

ქართველი ერი არის ერთიანი და ჩვენ ეს დავინახეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, იმ ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს, ვინც ჯიუტად იდგნენ მრავალსაათიან უდიდეს რიგში, იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ მათი სულიერი მამისთვის. ეს იყო ერთიანობის ზეიმი. როდესაც ქართველი ერი არის ერთიანი, ხარობენ მათი სულები, ვინც 35 წლის უკან, დღევანდელ დღეს ნათლად განსაზღვრა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი. ამაყები ვართ ჩვენ, როდესაც ვხედავთ ერთიან, ძლიერ ქართველ ერს. ბუნებრივია, ეს იმედით აღავსებს ჩვენს მომავალ თაობას. როდესაც საქართველო და ქართველი ერი არის ერთიანი, ვერასდროს ვერავინ ვერც სუვერენიტეტს, ვერც მის ქართულ ინტერესს ვერ დაჩრდილავს. მე მინდა იმ ვაჟკაცს და ღირსეულ ადამიანებს და განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც ვუყურებდი როგორი ცრემლნარევი თვალებით იდგნენ მრავალსაათიან რიგში, ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ვაჟკაცები, ქართული გენით აღვსილი ხალხი. ვერასდროს ამ ქართულ გენს და ქართულ სულს ვერანაირი ძალა ჩაკლავს.

დღევანდელ დღეს ისტორია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა დიდია ერთიანობა და ერთიანობის მიზანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მე დღეს შეგნებულად არ ვიტყვი იმ თითო-ოროლა არარაობაზე, ვისაც არც ქართული გენი, როგორც ჩანს, არც ქართული ჯიში და არც ქართული ჯიგარი არ აქვს. ეს სიტყვა არცერთ ენაზე სხვანაირად პირდაპირი თარგმნით არ ითარგმნება. სწორედ ამიტომ მინდა ვუთხრა ამ ქართველებს, რომ გენაცვალეთ მაგ გულში.

მაცხოვარი ბრძანებს: „კლდესა ზედა დავაფუძნე ეკლესია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო“. საქართველოც, ქართული გენიც სწორედ ასეთ ფუნდამენტზე დგას, რომელსაც ვერაფერი ვერასდროს ვერ მოერევა. მინდა ერთიანობისთვის კარგად დავფიქრდეთ, თუ რაოდენ დიდია და საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, დავინახოთ ის მრავალმილიონიანი ქართული ერის ერთობა, რომელიც რამდენიმე დღის უკან, მძიმე წუთებში, სიამაყით აღგვავსებდა. მინდა ჩვენი უწმინდესის სიტყვებით დავასრულო: „სადაც არის გული შენი, იქ იქნება საუნჯე შენიო“. მჯერა და მწამს, ჩვენი გულები არის აქ, საქართველოში. ქართველების გულები არის საქართველოში და არსად სხვაგან! იქნება აქ! საქართველოს ერთიანობა, სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ერთიანობა და იმ მზიანი ღამის გაგრძელება ყველაზე დიდი და მაგარი რამაა. მე ვარ ამაყი, როდესაც ვუყურებდი ერთიან საქართველოს. ქართველები ყოველთვის ვპოულობდით და ვიპოვით ძალას ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, ჩვენი ერთიანობის სიყვარულში ვიყოთ მტკიცენი და ძლიერები“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი