როცა მილიარდები კორუფციაში, გაბერილ ბიუროკრატიასა და ხელისუფლების პროპაგანდაში იკარგება, როცა თქვენი პატრონი ივანიშვილი ბიუჯეტში ერთ თეთრსაც არ იხდის, რა საკვირველია, პენსიებისთვის გასაზრდელი ფული აღარ რჩება - მოვუწოდებთ „ოცნებას“ - გაზარდეთ პენსია 200 ლარით და მიიღეთ კანონი, რომ საქართველოში მოქალაქეს, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობს, 1050 ლარზე ნაკლები ხელფასი არ ჰქონდეს, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა დაჯი კოვზირიძემ გააკეთა.
მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პენსიის გაზრდა პრობლემა არ არის, პრობლემა სახელმწიფოს პრიორიტეტებია“.
კოვზირიძის თქმით, „კეთილდღეობა სჭირდება ყველას და არა მხოლოდ „ოცნებასთან“ დაკავშირებულ 20-25 ოჯახს“.
„სამი თვის წინ ბატონი კობახიძე მოსახლეობას პროდუქტების, საწვავის და მედიკამენტების გაიაფებას დაჰპირდა, თუმცა არა თუ რამე გაიაფდა, ყველაფერი დღითი-დღე სისტემურად და უწყვეტად ძვირდება. ერთადერთი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეთ, ნარკოტიკებია.
2025 წელს საქართველოში 38 000 - მდე ბავშვი დაიბადა და 46 000 - ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ერი გადაბერების ზღვარზეა. ემიგრაციაში 150 000 - მდე ადამიანი წავიდა.
2026 წელს აღმოაჩინეთ, რომ საქართველოში საწვავი, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები თურმე ევროპის ქვეყნებზე ძვირია, მაგრამ გუშინ ელექტროენერგია ჩვენს მოქალაქეებს 30%-ით გაუძვირეთ. ტარიფების გაიაფების დაპირებით მოსულმა „ოცნებამ“, საკუთარი ამომრჩეველი ისევ მოატყუა.
არავინ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ხელფასები და პენსია 5-10 - ჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ხანდაზმულებს თვიდან თვემდე თავის გასატანად და გადასახადების გადასახდელად პენსია არ ყოფნით. მათ უწევთ არჩევანის გაკეთება საკვებსა და მედიკამენტებს შორის.
მინისტრების ხელფასი 13 000 ლარამდე გაზარდეთ, ხოლო სანქცირებული მოსამართლის ხელფასი 16 000 ლარამდე, თუმცა პენსიების 200 ლარით გასაზრდელი ფული ვერ გაიმეტეთ და ვერსად იპოვეთ.
მოსაპარი და ჩინოვნიკების ხელფასების გასაზრდელი ფული ქვეყანაში ყოველთვის და პენსიების, გაჭირვებული ადამიანების ხელფასების გასაზრდელი ფული - არასდროს.
დღეს გაზრდილი ინფლაციისა და გაძვირებული ცხოვრების, გაძვირებული საკვები პროდუქტებისა თუ მედიკამენტების ფონზე, პენსიონერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
თქვენ ხშირად ამაყობთ, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ პენსიონერებს, მშრომელებს, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს გაზრდილი ეკონომიკა საკუთარ ჯიბეებზე არ უგრძნიათ. ერთადერთი ვისაც დაეტყო, ხართ თქვენ და თქვენი შემომწირველი ბიზნესები, რომლებიც ფასების შემცირების ფასადურ კომისიაზე სხედან“, - განაცხადა
დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.