მარიამ მელიქიშვილი, რომელსაც 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პოლიციელმა მითხრა, უნდა დაგათვალიერო, ყველაფერი გაიხადო, საცვალიცო - აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო

ახლა უკეთესად ვიცი, რას გადიან რეჟიმის ტყვეები და ახლა უფრო მეტად ვარ გაბრაზებული იმ რეჟიმზე, რომელიც ღირებულებებს ფეხზე იკიდებს და კანონს სიმართლის გასაჩუმებელ ინსტრუმენტად იყენებს, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილე, მარიამ მელიქიშვილი, რომელსაც 27 მარტს ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, სოციალურ ქსელში წერს.

მელიქიშვილი დაკავების და იზოლატორში გადაყვანის პერიოდს იხსენებს.

მისი თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა, ნივთების აღწერისა და ოქმის შედგენის შემდგომ, „პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიუთითა, „დაგათვალიერებ და წავიდეთო“, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა“. აღნიშნულზე კი, როგორც მელიქიშვილი აღნიშნავს, მან უარი განაცხადა, ხოლო პოლიციელმა უპასუხა: „აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო“.

„ეს იყო კინო. პოლიციის მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი, გურჯაანისკენ მიმავალი ატმის აყვავებულ ხეებს დავინახავ-მეთქი. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, უკანა გზაზე შევამჩნიე ვარდისფერი ხეები.

სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა. ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარების და პირქუში კედლების. საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების. როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა, ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე - „ამ გოგოს აქ რა უნდა“ ფიქრი მზერაში.

ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა, რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.

პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. არხეინად შევყევი, მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი. ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ,) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი, ლანა სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი, რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.

ვიდგეთ მაშინ აქ, ვერ წაგიყვან ისეო. ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა, აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ, ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა.

სასამართლოს ეზოში ოჯახი და მეგობრები მელოდებოდნენ. გამამხნევა მათმა დანახვამ, თუმცა უკვე სრულიად მოშლილი ვიყავი, ენერგია გამომაცალა ჩხუბმა და გურჯაანამდე თავის ძლიერი ტკივილით ვიმგზავრე ჩემს ეკიპაჟზე გაბუტულმა.

იზოლატორში გვიან შემასახლეს, უკვე ბნელოდა. ეკა და ოლიკო ჩამოვიდნენ და გარეთ ველოდით ყველა სანამ შემიყვანდნენ. იქ კარგი ხალხი დამხვდა, თავაზიანად მიმიღეს, ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით გამატარეს და შემიძღვნენ საკანში.

პირველი, რაც შევამჩნიე, კარიანი ტუალეტი იყო და გამიხარდა, მაგრამ თვითონ საკნის რკინის კარი რომ მომიხურეს და ურდულიც გაჯახუნდა, მანდ მივხვდი, რომ კიდევ რაღაც ახალი უნარი აღმომაჩენინა ჩემს თავში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

ორ დღეში ორჯერ ვისარგებლე სეირნობის უფლებით, მაღალი კედლებით ამოყვანილ უჭერო სივრცეში. წიგნმა, თანამესაკნესთან საუბარმა და ექიმთან შევლამ გადამაგორებინა საუკუნედ გადაწელილი საათები. გურჯაანელი ბადრაგები პატივისცემით გვექცეოდნენ „სამართალდამრღვევ“ გოგოებს და სადღაც გულის სიღრმეში, იმედი მაქვს, ოჯახის წევრებთან მაინც მიიტანდნენ ამ აბსურდულ ამბავს.

გამოსვლის წუთები რომ ახლოვდებოდა და ამას ვიაზრებდი, ისეთ სიხარულს ვგრძნობდი დიდი ხანია, რომ არ მიგრძნია, მაგრამ ვგრძნობდი ბრაზსაც და თანაგრძნობასაც. ახლა უკეთესად ვიცი, რას გადიან რეჟიმის ტყვეები და ახლა უფრო მეტად ვარ გაბრაზებული იმ რეჟიმზე, რომელიც ღირებულებებს ფეხზე იკიდებს და კანონს სიმართლის გასაჩუმებელ ინსტრუმენტად იყენებს.

სახლში რომ მოვედი, დედამ მითხრა, შენს ლოგინში მეძინა ეს დღეები და შენს საღამურს ვეხუტებოდიო. ორი დღეა ეს სიტყვები მიტრიალებს თავში“, - წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 27 მარტს, მარიამ მელიქიშვილს 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე დგომის გამო, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი