ქართველი ხალხის ერთიანობის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება. დღესაც უმძიმესი დროება გვიდგას, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეს ძალა ჰაერივით გვჭირდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი შეაფასა.
პოლიტიკოსი მოქალაქეებს რეფერენდუმის 35 წლისთავს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღესაც ქვეყნის წინაშე მძიმე გამოწვევები დგას.
„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ - საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლი
ეს აქტი 1921 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს ეფუძნებოდა და ამ ისტორიულ სიმბოლოს ზურგს რეალური ძალა უმაგრებდა. ეს ძალა შედგებოდა საქართველოს 3 295 493 მოქალაქისაგან, ვინც რეფერენდუმის კითხვას „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” დადებითად უპასუხა. პროცენტულად, კენჭისყრის მონაწილეთა 99.08%-მა.
კენჭისყრა ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეც და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც. ეს ძალა ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ წლებში მხოლოდ სიმბოლო როდი იყო. ამ სამ მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ძალა ახლადარჩეულ მრგვალ მაგიდას, რომ მედგრად დასდგომოდა მოსკოვს და არ გამხდარიყო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ნაწილი. ამ სამმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ გადაარჩინა საქართველო რუსეთზე მიერთებას შევარდნაძის ეპოქაშიც და აგერ 35 წელია უკვე ჩვენი დამოუკიდებლობა ავად თუ კარგად ჩვენამდე მოაქვს.
მე მინდა, რომ ამ დღეს ამ 3 295 493 პატრიოტს გადავუხადო მადლობა და მთელ საქართველოს მოგილოცოთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი.
ქართველი ხალხის ერთიანობის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება. დღესაც უმძიმესი დროება გვიდგას, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეს ძალა ჰაერივით გვჭირდება.
გისურვებთ რომ, დღევანდელი საქართველოც იქცეს ამ დიდ ძალად, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება და რომელიც კიდევ ერთხელ გადაარჩენს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას რუსული ტირანიის და ადგილზე გამეფებული ივანიშვილის ბოროტების წინააღმდეგ. დროა იგრძნოს ივანიშვილმა რომ ის დღეს ისეთივე უკიდურესი უმცირესობაა, როგორც ის 16 917 ადამიანი, ვინც 35 წლის წინ რეფერენდუმის კითხვას “არა” უპასუხა”,- წერს თაზო დათუნაშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.