საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს, ლოზუნგით - “ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას!”.
როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, 31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საერთო სახალხო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და სწორედ ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით იმართება დღევანდელი მსვლელობა.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ისინი სკანდირებენ: “დიდება დამოუკიდებელ საქართველოს”; “ზვიად გამსახურდიას გაუმარჯოს”.
მოქალაქეები მსვლელობით მთაწმინდის პანთეონში მივლენ, სადაც პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას მიაგებენ პატივს, ხოლო შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან.