გიგი წერეთელი - ირანის საელჩოს განცხადება და რუბიოს ზარი ერთმანეთს დაუკავშირდა - არ გამიკვირდება, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ვინმემ თქვას: რუბიომ დარეკა და ომში უნდათ ჩათრევაო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას არ ნიშნავს.

როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებს გარკვეული ინტერესები ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება ურთიერთობების სრულფასოვან განახლებად.

„ურთიერთობის ის გადატვირთვა, რაც ქვეყანას სჭირდება, ვერ მოხდება. აშშ-ს კონკრეტულ მომენტში, შეიძლება, რაღაც ინტერესი ჰქონდეს, თუმცა ამას ვერ დავარქმევდი ურთიერთობის გადატვირთვას. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ასე გაყიდოს და დახატოს, მაგრამ ასე არ იქნება“,- განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველოში ირანის ელჩის განცხადება და რუბიოს სატელეფონო ზარი შესაძლოა ერთმანეთთან კავშირში იყოს.

„ირანის საელჩოს განცხადება და რუბიოს ზარი ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რაზე იყო საუბარი. არ მგონია, რუბიო პირად თემებზე გასაუბრებოდა კობახიძეს.

თუ განხილვის საკითხი სამ თემას შეეხებოდა, მინიმუმ ორი საკითხი ამ ვითარებაზე იქნებოდა. ტრამპისთვის, მისი ადმინისტრაციისთვის, რუბიოსთვის და აშშ-სთვის სენსიტიური და მძიმე საკითხია. ბევრი რამ დაიდო სასწორზე, მათ შორის, ტრამპმაც დადო გეგმის გამოცხადებით. დეტალები არავინ იცის.

საქართველოს საჰაერო სივრცე იქნება თუ სახმელეთო ლოჯისტიკა, რაც შეიძლება აშშ-ს დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული სამხედრო ოპერაცია იქნება, ალბათ გარკვეული გაფრთხილება ან საქართველოს როლი, ეს იქნებოდა საუბრის ძირითადი თემა“,- განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ახალი პოლიტიკური ნარატივი გაჩნდეს, რომელიც უსაფრთხოებისა და მშვიდობის თემებს შეეხება.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი ნარატივი იქნება. ისევ მშვიდობა, უსაფრთხოების საკითხები, აბა ომი გინდათ საკითხები. არც ის გამიკვირდება, რომ მათი რიგებიდან ვინმემ თქვას: რუბიომ დარეკა და ომში უნდათ ჩათრევაო. აშშ-ს საქართველო სჭირდება მშვიდი, განვითარებული პარტნიორი სწორედ მისი გეოგრაფიის გამო. ეს ნიშნავს ქრისტიანობასაც, შემწყნარებლობასაც, ადამიანის უფლებასაც და კანონების პატივისცემას. რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი იყო ჩამოსული და აქ იყო რაღაც საკითხებზე საუბარი“,- განაცხადა წერეთელმა.

წერეთელმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ პოზიციონირების ჭრილში აღნიშნა, რომ არსებული ვითარება „დაბალანსებულ პოლიტიკად“ ვერ ჩაითვლება.

„დაბალანსება ძალიან რთულია. თუ არავისთან არ იფუჭებ ურთიერთობას ეს არის დაბალანსება. როგორ შეიძლება დაბალანსება უწოდო იმას, რაც ხდება. ევროინტეგრაცია შეჩერებულია, სავიზო რეჟიმი ყველას შეიძლება შეუჩერდეს, აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობა შეჩერებულია, სანქციები გაგრძელდა ერთი წლით და ამ წლის განმავლობაში კიდევ იქნება პერსპექტივა, რა ბალანსია ეს? ანუ შენ გახდი მხარე. როცა ირანს უჭერ მხარს, ან უკრაინის ომში პირდაპირ თუ ირიბად რუსეთს უჭერ მხარს, უკვე მხარე ხარ და ამის გამო გადებენ სანქციებს“, - განაცხადა წერეთელმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი