ახია „ქოცზე“ ირანის მუქარა, „ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ ირანი თითს გვიქნევს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას გამოეხმაურა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ირანის ელჩის მუქარა და ასევე რუსეთის დაზვერვის განცხადება ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსი არასუვერენული ხელისუფლება არ ჰყოლია ამ ქვეყანას“.
„ირანის მუქარა არის კლასიკური დასტური იმისა, რასაც ვლაპარაკობ ხუთი წელია. ირანის მუქარა ახია „ქოცზე“, მაგრამ ჩემს ქვეყანაზე არ არის ახი. „ქოცი“ რომ მართავს ქვეყანას, ასეთები ხდება იმ ქვეყანაში. „ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ ირანი თითს გვიქნევს. დარბოდნენ ხან პანაშვიდზე და ხან ინაუგურაციაზე და ღირებულება რომ არ გააჩნია ამ კაცს[ირაკლი კობახიძე] არანაირი, მაგიტომ არი, რომ ხელწამოსაკრავად ექცევიან ამ ქვეყანას. ეს არის რეალობა და ამას უნდა ერქვას სახელი.
იქიდან მოსკოვი გამოდის და საქმეს გვირჩევს, რომ ბართლომეს უნდა მეუფე აბრაამი და მეუფე გრიგოლი პატრიარქად, ვინ კითხავს რუსეთს, ფაშისტურ ძალას, ასეთისავე ფაშისტურ, კაგებეშნიკური ეკლესიით, რომელიც პირდაპირ „კაგებეს“ დეპარტამენტია. ამათ ვინ ჰკითხავს, ათასწლოვანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რომელ მეუფეს გამოარჩევს პირველ პირად. როგორ შეიძლება ეს იყოს რუსების საქმე, ქართველების მკვლელების საქმე.
აქვე ვიტყვი, არავის საქმე არ არის ვინ იქნება მომავალი კათოლიკოსი, ეს არის უნიკალურად და ექსკლუზიურად წმინდა სინოდის საქმე. არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც ქვეყნის გარეთ, არავინ არ უნდა კადრულობდეს და არც კი უნდა იფიქროს ამაში ჩარევა. სინოდს უნდა მიეცეს საშუალება, გამოარჩიოს ის პირი, რომელიც მათი შეხედულებით, არის ყველაზე შესაბამისი, ყველაზე სწორი, შესაბამისი ბიოგრაფიით და სახალხო სიყვარულით. მაგრამ, რეალურად მოსკოვს აქვს ხელის ფათურის მცდელობები.
„ქოცი“გამოვა და ჰგონია, რომ ღირსებას იცავს, სუვერენულობას იცავს, მაგრამ ამაზე არასუვერენული ხელისუფლება არ ჰყოლია ამ ქვეყანას. ღირსებაა, როცა აქ უნგრელი მუშაობდა ჯაშუშად და არაფერი არ ვიცით, ვინც მოიცალა, ყველამ რაღაც გვიქნა, ირანის ელჩი გამოვიდა თითი გვიქნია. მერე წაუშლია ეს პოსტი, თვითონ მიხვდა, რომ უნდა წაეშალა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჰქვია, იმან რა გააკეთა? ან პროტესტი გამოხატა, ან დაიბარა? უნივერსიტეტზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს პანტა-პუნტით ევროპის ქვეყნების ელჩები და როგორ შეიძლება ელჩი გემუქრებოდეს შენს ქვეყანაში და სულ მცირე საპროტესტო ნოტა არ გაგზავნო“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.