რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება ცოტა მუქარანარევია, იყენებს საშუალებას, რომ განამტკიცოს საკუთარი გავლენა პატრიარქის არჩევნების პროცესში. შესაბამისი განცხადება „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ გააკეთა.
კერძოდ, ანა დოლიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომლის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“.
ანა დოლიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთს ადარდებს ქართველების იდენტობა და თუ რაიმე კუთხით აწუხებს საკითხი, მხოლოდ მისთვის სასარგებლო ჭრილში.
დოლიძის თქმით, ამის ფონზე საქართველოს პოზიცია უნდა იყოს გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული.
„ადამიანები მონატრებული არიან გონივრულ მიდგომას - ფაქტებზე დაფუძნებული, არა ემოციებზე, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებული. „ჩემი სახელმწიფო ინტერესი რა არის“ - აქედან უნდა ამოვიდეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყოს ერთიანი.
მგონია, თუ არა, რომ რუსეთს გულწრფელად ადარდებს ქართველი ხალხის იდენტობა? - არ მგონია. მგონია, რომ ეს თუ მას რამენაირად აწუხებს, აწუხებს იმიტომ, რომ მისთვის იყოს ვითარება სასარგებლო.
ის რაც ასუსტებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, გვასუსტეს ქართველობას. ეს არის ჩემი მიდგომა“, - განაცხადა დოლიძემ.
პოლიტიკოსის შეფასებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება არის ჩარევის მცდელობა და არის „გამაფრთხილებელი“.
„არ არის გასაკვირი, რუსეთი იყენებს საშუალებას, ცოტა მუქარანარევი განცხადებაც არის, რომ განამტკიცოს საკუთარი გავლენა ამ არჩევნების პროცესში“, - დასძენს დოლიძე.