თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 20 კურსდამთავრებული აშშ-ის რეზიდენტურაში ისწავლის, - ამის შესახებ ინფორმაციას თსსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამას, ამოქმედებიდან დღემდე, 7 თაობა ჰყავს. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის რეზიდენტურაში ასეთი უპრეცედენტო რაოდენობის კურსდამთავრებული ჩაირიცხა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებმა წელსაც წარმატებით გაიარეს აშშ-ის სარეზიდენტო პროგრამაში ჩართვის ყველა ეტაპი და 2026 წლის Match-ის ფარგლებში სწავლას განაგრძობენ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში.
„თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 20 კურსდამთავრებული დაეუფლება ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო სპეციალობებს, როგორებიცაა: შინაგანი მედიცინა, საოჯახო მედიცინა, პედიატრია, ნევროლოგია და პათოლოგია და სხვა, რაც ფართო შესაძლებლობებს ქმნის პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სამედიცინო კარიერისთვის.
აშშ-ში რეზიდენტურის გავლა ექიმის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც აერთიანებს მაღალი სტანდარტის კლინიკურ პრაქტიკას, თანამედროვე სამედიცინო ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას. აღნიშნული გზა კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ მრავალპროფილურ გარემოში, დაეუფლონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები 2019 წელს ჰყავდა. 2020 წლიდან დღემდე აშშ-ის რეზიდენტურაში უკვე 73 კურსდამთავრებულია ჩარიცხული, მათგან 44 საქართველოს, ხოლო 29 - უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცნობისთვის, მხოლოდ 2025 წელს აშშ-ის რეზიდენტურაში თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კურსდამთავრებულმა განაგრძო სწავლა. აღნიშნული შედეგი პროგრამის სტაბილურ განვითარებასა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას უსვამს ხაზს.
კურსდამთავრებულთა ნაწილმა რეზიდენტურა უკვე წარმატებით დაასრულა აშშ-ში და პროფესიულ საქმიანობას განაგრძობს, მათ შორის - Fellowship პროგრამების ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ამყარებს პროგრამის მაღალ აკადემიურ და კლინიკურ სტანდარტებს.
ეს დიდი მიღწევაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამ დიდ წარმატებას!
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. პროგრამა სრულად შეესაბამება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს.
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა დღეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამაა“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.