დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების, მათ შორის ჩანგლების, დანების, კოვზებისა და თეფშების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.

მათივე ცნობით, პირველი აპრილიდან, ასევე, ძალაში შედის პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია.

კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. შეზღუდვა არ ვრცელდება პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

„აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა - 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.

მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია არ ვრცელდება პლასტმასის პროდუქციის ექსპორტზე. მწარმოებლები, რომლებიც პროდუქციას ექსპორტის მიზნით ამზადებენ, ვალდებულნი არიან, წარმოების დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარმოების დაწყებისა და დასრულების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნების და ექსპორტის განხორციელების გრაფიკის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა