საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა

სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA) ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა. „ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჩივარში საია დავობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით. 2026 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც საიამ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით, კერძოდ, სამი ორგანიზაციის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და მედია ორგანიზაციები: სტუდია მონიტორი და საქართველოს ამბები), და სამი ფიზიკური პირის (მომჩივანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი) სახელით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.

საჩივარში საია დავობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).

ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს პრიორიტეტულ რეჟიმში, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის.

საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (წარსულში „ანტიკორუფციული ბიურო“ - ახლა მისი სამართალმემკვიდრე, აუდიტის სამსახური, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან, დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ.

პროცედურის კუთხით, განვმარტავთ, რომ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებით, ევროპულმა სასამართლომ დასვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერ სახელმწიფოს მოუწევს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ, საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა, არაკონვენციური მიზნებისთვის. კერძოდ, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური და დომინანტური მიზანი სხვა ფარული განზრახვა, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება ან/და კრიტიკული ხმების გაჩუმება, რაც იმთავითვე კონვენციასთან შეუსაბამოა.

რაც შეეხება შეკითხვებს:

  • მსხვერპლის სტატუსი - შეუძლიათ თუ არა მომჩივნებს, განაცხადონ პრეტენზია „მსხვერპლის“ სტატუსზე კანონის მოქმედების გამო (კონვენციის 34-ე მუხლი)? კერძოდ, გავრცელდა თუ არა მათზე კანონის რომელიმე დებულება?
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - წარმოადგენს თუ არა კანონით დადგენილი პერსონალური მონაცემების წარდგენისა და ეტიკეტირების ვალდებულება ჩარევას ფიზიკური პირების (მომჩივნები) უფლებებში? დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს ჩარევა თავსებადი კონვენციის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან?
  • გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება - დაარღვია თუ არა კანონის მოქმედებამ (მათ შორის: რეგისტრაციის, ანგარიშგების, გასაჯაროების, ეტიკეტირების და დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულებებმა) მომჩივანთა უფლებები (კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები)? დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს ჩარევა თავსებადი კონვენციის ამ მუხლების მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან?
  • სტიგმატიზაცია - აქვს თუ არა ორგანიზაციების „უცხოური პრინციპალის აგენტად“ მოხსენიებას სტიგმატიზაციის ეფექტი, ქართული ენის სპეციფიკური ლინგვისტური ნიუანსების გათვალისწინებით? აქვს თუ არა ამ ტერმინს მნიშვნელოვანი შემაკავებელი გავლენა ორგანიზაციების საქმიანობაზე? რა ობიექტური მტკიცებულებები (საზოგადოებრივი აზრის კვლევები, ენათმეცნიერთა დასკვნები) არსებობს იმის დასასაბუთებლად, რომ ეს დასახელება ქართულ ენაში სტიგმატიზებულ კონოტაციას ატარებს?
  • „უცხოური ძალა“ და „აგენტურული ურთიერთობა“ - შეესაბამება თუ არა „უცხოური პრინციპალის“ დეფინიცია აუცილებლობის, რელევანტურობის და სათანადო დასაბუთების პრინციპებს? კანონი საკმარისი სიცხადით განსაზღვრავს თუ არა „აგენტურულ ურთიერთობას“ „უცხოურ ძალასა“ და ეროვნულ „აგენტს“ შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართო და პოტენციურად ბოროტად გამოყენებადი ინტერპრეტაციები?
  • სანქციების პროპორციულობა - არის თუ არა კანონის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული?
  • დისკრიმინაცია - წარმოადგენს თუ არა კანონის მოქმედება მომჩივნების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას (კონვენციის მე-14 მუხლი მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში)?
  • ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა - ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს წვდომა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან შიდა სახელმწიფოებრივ საშუალებებზე საკუთარი უფლებების დასაცავად (კონვენციის მე-13 მუხლი)?
  • უფლებების შეზღუდვა ფარული განზრახვით - გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა სხვა მიზნებისთვის, გარდა იმისა, რაც თავად ამ მუხლებით არის გათვალისწინებული (კონვენციის მე-18 მუხლი)?

სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ვადად 2026 წლის 21 ივლისი განესაზღვრა პოზიციის წარსადგენად, ხოლო, ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს.

საზოგადოებას, ასევე, შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე, ფაქტობრივად, 136 ორგანიზაციისა და 4 პირის ერთობლივი საჩივრის განხილვა ე.წ. „რუსულ კანონთან“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დაკავშირებით (იხ. Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24) დაასრულა.

საია, როგორც მომჩივანთა წარმომადგენელი, საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას დროდადრო მიაწვდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა