ირანიც კი, თავისი გაუბედურებული სიტუაციით, ჩვენ გვემუქრება და გვკარნახობს - ტრაგედიაა, რომ საქართველო ირანის ელჩის განცხადებაზე დუმს, სულ ცოტა, დემონსტრაციულად, უნდა მოხდეს ელჩის გამოძახება - ამ ადამიანმა სულ არ იცის, რომელ სახელმწიფოში იმყოფება. მე მგონი, მას დიპლომატიაც კი არ ესმის კარგად, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ირანის აქვს სურვილი, „საქართველოს ხედავდეს როგორც თავის უკანა ეზოს“.
როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ირანის ელჩის განცხადება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან.
„ირანის ელჩის მხრიდან ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა. აშარად, პირდაპირ კავშირშია კობახიძესა და რუბიოს შორის სატელეფონო საუბართან. საქართველოში ჯერ კიდევ სვამენ კითხვას, ნეტავ, რაზე შეიძლებოდა დალაპარაკებოდა რუბიო კობახიძესო. ეს იმდენად ცალსახა და ცხადია, რომ ამაზე ბევრი ლაპარაკიც არაა საჭირო. რა თქმა უნდა, ამერიკამ უკვე მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ ირანის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრა განახორციელოს. საქართველო რეგიონის ნაწილია და ამერიკას, ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენა არ აქვს როგორ მოიქცევა საქართველო კონკრეტულ ვითარებაში. მათ იციან, როგორ უყურებს სომხეთი ამ ყველაფერს, ისევე როგორც, აზერბაიჯანი. ამ ფონზე, საქართველო თეთრი ლაქაა. არ იციან, როგორ მოექცევა. საქართველო უცნაურად იქცევა. ამიტომ რუბიოს ზარი არის მკაფიოდ გამოკვეთილი ზარი. ინფორმაცია უნდა მიეღოთ, როგორ მოიქცევა საქართველო ამ შეჭრის დროს, რომელ მხარეს დაიჭერს. მეორე - რამდენად შეიძლება საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენება. ამერიკამ და ნატო-მ სერიოზული რესურსები ჩადეს საქართველოს სამხედრო პოტენციალში. ეს არ ნიშნავს ომში ჩართვას. [ინფორმაციის მიღება სურდათ], შეიძლება თუ არა აეროპორტების გამოყენება, ჰოსპიტლების გამოყენება, როგორ შეიძლება საქართველო იქნას გამოყენებული კრიტიკულ სიტუაციაში. შეიძლება სულაც არ იყოს გამოყენებული, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რა რესურსები, მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ საქართველოსგან. ეს არის გასაგები მოვლენა და მოულოდნელად, ირანმა და მისმა ელჩმა, არ დააყოვნა და საკმაოდ უტიფარი, მკვახე განცხადება გააკეთა. არის გამოთქმა, „დაბალი ღობე იპოვეს“, „დაბალი ღობე გამოდგა“, საქართველო ღობეც კი არაა, არათუ დაბალი ღობე. ირანიც კი, თავისი გაუბედურებული სიტუაციით, ჩვენ გვემუქრება და გვკარნახობს. მინდა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა იცოდნენ, რომ ეს არის ორ ფეხზე დგომის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში. ასეთ დამცირებულ ვითარებაში საქართველო არასდროს ყოფილა. ხვალ-ზეგ, შეიძლება ირანის სახელმწიფომ არ იარსებოს, მაგრამ ამის მიუხედავად, მას აქვს სურვილი, რომ საქართველოს დაემუქროს, იქნებ ამით მიაღწიოს რაღაცას. კიდევ აქვს რესურსები იმისა, რომ საქართველოს ხედავდეს როგორც თავის უკანა ეზოს. ტრაგედია ისაა, რომ საქართველო დუმს. სულ ცოტა, დემონსტრაციულად უნდა მოხდეს ელჩის გამოძახება, უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი სიტყვიერი, ან წერილობითი ნოტა გადაცემული, სადაც იქნება კითხვები დასმული - რას გულისხმობდა ელჩის ეს განცხადება, იმიტომ, რომ ეს არის შეფარვითი მუქარა და არა პირდაპირი,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, მან შეაფასა ფაქტი, რომ ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელში წაშლილია და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ „ზედმეტი მოუვიდათ“.
ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ელჩმა თეირანიდან შენიშვნა მიიღო.
„სათქმელი ითქვა და რადგან აღებულია, მე მგონი, მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და ჯობდა, ეს ასე საჯაროდ არ გაკეთებინათ. შეიძლება, ირანის ელჩმა თეირანიდან შენიშვნა მიიღო, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკვე ითქვა, გაჟღერდა. ირანის ელჩი გამორჩეულია თავისი არაადეკვატური და ქედმაღლური განცხადებებით საქართველოს მიმართ. ამ ადამიანმა სულ არ იცის, რომელ სახელმწიფოში იმყოფება, მე მგონი, დიპლომატიაც კი არ ესმის მას კარგად. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, რომ დროზე გაიწვიონ ეს ადამიანი უკან,“ - აღნიშნა მან.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკები იმისა, რომ ირანმა საქართველოზე იერიში მიიტანოს, ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ „ირანს საქართველოს სახით დამატებითი მტერი არ სჭირდება“.
ის ასევე ამბობს, რომ რაიმე სერიოზულ თავდასხმას არ ელის, თუმცა დაშვების დონეზე, შესაძლოა, ირანმა იერიში საქართველოში არსებულ ამერიკულ ობიექტებზე მიიტანოს და არა ქართულზე.
„მე არ ველოდები რამე სერიოზულს, ისედაც შეზღუდული რესურსები გააჩნია, მაგრამ ჰიპოთეტურად თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ამერიკული ობიექტი ამოირჩიოს და არა ქართული და მის მიმართ განახორციელოს გარკვეული შეტევა. მაგალითად, საელჩო, ამერიკული კომპანია. მე ამას გამორიცხავ, არ ვთლი, რომ შეიძლება ეს ირანმა გააკეთოს. შეიძლება იყოს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განსაკუთრებული დაცვის რეჟიმშია გადასული. შეიძლება რაღაცების გაკეთება, ოღონდ ირანი ამაზე წამსვლელი არ უნდა იყოს. მას დამატებითი მტერი საქართველოს სახით არ სჭირდება. მე მგონი, არ სჭირდება საქართველოს მომდურება. თანაც რუსეთის ინტერესებშია, რომ ირანი არ იყოს საქართველოს მიმართ აგრესიული,“ - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებს, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ვინმეს მხარეს დავდგეთ.
მისივე თქმით, საქართველო დაახლოებით ისე უნდა იქცეოდეს, როგორც თურქეთი იქცევა.
„აუცილებელია, ვინმეს მხარეს დავდგეთ. საქართველო სადღაც უნდა იყოს და სადღაც არის ნატოს გვერდში. ნატო არის დღეს საქართველოსთვის თურქეთი. რასაც აკეთებს დღეს თურქეთი დაახლოებით ისე. სინქრონში უნდა იყოს თურქეთთან და ევროკავშირთან. კონსტიტუციაში გვიწერია რომ მივდივართ ნატოში, ევროკავშირში. ფანტასტიკურად იქცევა თურქეთი და აშკარად ჩანს, რომ მისი პოლიტიკა გაწონასწორებულია,“ - აღნიშნა მან.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს არ დაიჭერს, რა საფრთხეები გველის დონალდ ტრამპისგან, ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველო არაფერს წარმოადგენს“ და დიდი ალბათობით, ამერიკული მხარე „დაგვაიგნორებს“.
მისი თქმით, რეგიონში უამრავი ისტორიული მოვლენა ხდება ჩვენს გარეშე და საქართველო მსოფლიო პოლიტიკიდან ასეთი გარიყული არასდროს ყოფილა, როგორც ახლაა.
„ყველაზე მაღალი რეალობით იქნება ის, რაც დღეს არის - იგნორირება. საქართველო არაფერს წარმოადგენს. არაფერთან ვერაფერს გააკეთებ. დაბალი ღობეც კი არაა საქართველო. ანუ ყველაზე მაღალი რეალობით, როგორც [ახლა] ვერ გვხედავენ საქართველოს, ისე ვერ დაგვინახავენ. როგორც გაივლიან და ფეხს გაგვკრავენ, იმიტომ რომ ვერ გვხედავენ, ისე მოხდება. არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. ამერიკელებს აქვთ გამოთქმა, „იატაკზე ქვემოთ ვერ დაეცემიო“. ჩვენ უკვე დიდი ხანია იატაკზე ვგდივართ. ვიქნებით ეს „მაჩანჩალა“, არარაობა „ტერიტორია“. ჩვენ გვიყურებენ როგორც ტერიტორიას და არა სახელმწიფოს. ჩვენ არავინ გვენდობა, როგორც უნგრეთს არ ენდობიან. ყველა მიხვდა, რომ უნგრეთი არასანდო სახელმწიფოა. საქართველო არასანდო სახელმწიფოა, თურქეთიც კი არ გვენდობა. რამდენი ხანია, ერდოღანი საქართველოში არ ჩამოსულა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. საქართველო მსოფლიო პოლიტიკიდან ასეთი გარიყული არასდროს ყოფილა, როგორც ახლაა. რეგიონში უამრავი ისტორიული მოვლენა ხდება ჩვენს გარეშე,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ირანში არსებულ ვითარებას, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანში რეჟიმს აძლიერებენ.
„ძალიან შეცდნენ. ნეთანიაჰუმ ტრამპი დააჯერა, ტრამპმა კი თავისი ადმინისტრაცია დააჯერა, რომ იოლი გასეირნება იქნებოდა, რაც ასე არ აღმოჩნდა. მე მიმაჩნია, რომ ამერიკა აძლიერებს რეჟიმს. ამერიკამ ირანი ქვის ხანად რომ აქციოს, ირანელები ქვებით დაიწყებენ ბრძოლას და რაკეტები არ დასჭირდებათ. ამერიკა აძლიერებს დღეს აიათოლების რეჟიმს. ისრაელი აძლიერებს დღეს ამ საშინელ რეჟიმს,“ - აღნიშნა მან.