ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა სამი ორგანიზაციის და სამი ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დავობენ, თითქოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი არღვევს მათ უფლებებს - ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბექა ძამაშვილი აღნიშნავს, პირდაპირ მითითებულია, რომ ვადები ექნება სახელმწიფოს სტანდარტული, კერძოდ, ივლისის ბოლომდე უპასუხებს სახელმწიფო ამ შეკითხვებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა სამი ორგანიზაციის და სამი ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დავობენ, თითქოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი არღვევს მათ უფლებებს, ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საჩივრები შეტანილი არის გასული წლის ივლისსა და აგვისტოში და ევროპულმა სასამართლომ თითქმის 9 თვის თავზე გამოაგზავნა სახელმწიფოსთან საპასუხოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. პირდაპირ მითითებულია, რომ ვადები ექნება სახელმწიფოს სტანდარტული, კერძოდ, ივლისის ბოლომდე უპასუხებს სახელმწიფო ამ შეკითხვებს, შემდეგ შეკითხვებს უპასუხებენ თავად მომჩივნები და წლის ბოლოს, ასევე, საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
ამასთან, ბექა ძამაშვილი აღნიშნავს, რომ „სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნამდვილად ექნება და ეს არ წარმოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ.
„მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი და, თითქოს, ისე იყო წარმოჩენილი ეს საკითხი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს ამ საჩივარს. უნდა ითქვას, რომ ეს საქმე ნამდვილად არის პრეცედენტული, რადგან თვითონ ეს კონკრეტული კანონი წარმოადგენს ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგიას. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილი არის, რომ არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მიღებულია მსგავსი შინაარსის კანონები ან ახლა მიმდინარეობს მსგავსი კანონების მიღება. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ნამდვილად პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც. მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნამდვილად ექნება და ეს არ წარმოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, საია-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ (FARA) დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო და მიუთითა, რომ მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს.
„ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს პრიორიტეტულ რეჟიმში, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის. საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (წარსულში „ანტიკორუფციული ბიურო“ - ახლა მისი სამართალმემკვიდრე, აუდიტის სამსახური, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან, დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ“, - აცხადებენ საია-ში.