არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული განცხადება, რომ ამას ამოეფაროს და შესაბამისად, უარი თქვას აშშ-ის ნებისმიერი სახით დახმარებაზე ირანთან კონფლიქტის პერიოდში, - ასე შეაფასა “კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თეიმურაზ პაპასქირმა საქართველოში ირანის ელჩის განცხადება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, განცხადება არადიპლომატიური ენით არის დაწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანი საქართველოს ფაქტობრივად, ომს უცხადებს.
„ელჩის განცხადების „ომის გამოცხადებად“ შეფასება გადაჭარბებულია, მაგრამ განცხადება რომ ცოტა არადიპლომატიური ენით არის დაწერილი, ესეც ფაქტია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული განცხადება, რომ ამას ამოეფაროს და შესაბამისად, უარი თქვას აშშ-ის ნებისმიერი სახით დახმარებაზე ირანთან კონფლიქტის პერიოდში. არ არის გამორიცხული, ან განცხადებას ამოეფაროს და თქვას, ამის და ამის გამო თქვენს დახმარებას ვერ მოვახერხებო“, - განაცხადა პაპასქირმა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ირანის ელჩი რომ დაიბაროს, საზოგადოებისთვის მაინც უცნობი იქნება, რას ეტყვიან დიპლომატს. თეიმურაზ პაპასქირის თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ ირანის და რუსეთის მხარეს დგას.
„ვთქვათ ირანის ელჩი დაიბარა, შემდეგ შიგნით რას ეტყვის, ამას ჩვენ რამეს გავიგებთ? რეალურად, გვაქვს ცივილიზაციური არჩევანი. ქართველ ხალხს ეს არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს. ამ ცივილიზაციურ არჩევანში, დღეს ირანის და რუსეთის მხარეს დგანან და ვხედავთ, რომ ეს ორი ქვეყანა არის ერთმანეთის მოკავშირე, ყველასნაირად. ირანი რუსეთს ეხმარება უკრაინასთან ომში, რუსეთი ირანს ეხმარება ისრაელთან კონფლიქტში. ამ სიტუაციაში, საქართველო ნეიტრალურიც რომ იყოს ამ კონფლიქტში, კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი ვის მიმართ უნდა იყოს ამ შემთხვევაში? აშშ-ის, ირანისადმი და რუსეთისადმი? ლოგიკურია, რომ შენი მტრის მიმართ კეთილგანწყობილი, ნეიტრალური დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს. გასაგებია ეს ყველაფერი რეალურად. ირანი „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო უკანასკნელ ხანებში, საკმაოდ სერიოზული საუბრებია იმის შესახებ, რომ ეს კავშირები ფინანსური და არცთუ ლეგალური იყო. შესაბამისად, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ვიცით, ირანში ირაკლი კობახიძე რამდენჯერ იყო ჩასული. როგორ თავგამოდებით ცდილობს „ქართული ოცნება“ თავისი პოზიციების წარმოჩენას, როგორც ირანისადმი კეთილგანწყობილი სახელმწიფოს“, - განაცხადა პაპასქირმა.
მისი თქმით, გამორიცხულია, რომ საქართველო ირანთან ომში იქნას ჩათრეული.
„ქართულმა ოცნებამ“ ისე დააყენა საქმე, რომ საქართველოს ნორმალური მოკავშირე არ დარჩა. საერთოდ, ასეთი გლობალური კონფლიქტის დროს, ყოველთვის რომელიღაც მხარე უნდა აირჩიო. საქართველოს დღევანდელმა მმართველმა ელიტამ რატომღაც აირჩია ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხარე. შესაძლოა, ეგონათ, რომ დასავლური ცივილიზაცია იმდენად დასუსტდა, რომ არაფრის ძალა არ შესწევს. მუდმივად ეს აკერიათ პირზე. ვის რაში სჭირდებოდა საქართველოს ომში ჩაბმა? იგივე უკრაინის ომში „მეორე ფრონტის“ გახსნა, რასაც ასე ვითომ გვთხოვდნენ ჩვენ. რასაკვირველია, არასდროს მოუთხოვია, რადგან არავის სჭირდება ისეთი ფრონტის გახსნა, რომელიც რამდენიმე დღე გაძლებს“, - განაცხადა პაპასქირმა.
ამასთან, მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც შეაფასა.
„არ ვიცით, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, პასუხი მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანის ელჩის გუშინდელი განცხადება სხვანაირად იქნებოდა აღქმული და „ქართული ოცნების“ რეაქცია სრულიად სხვა იქნებოდა და არა იგნორირება. გვახსოვს ნებისმიერი განცხადება, რომელსაც საქართველოში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის ელჩი აკეთებდა, პასუხის მთელი კორიანტელი იყო, აქ რამდენი ხანი გავიდა და ჯერჯერობით, არაფერი თქმულა. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ აშშ-ის ხელისუფლება იმახსოვრებს ყველას, ვინც მას მხარს უჭერს და იმახსოვრებს ყველას, ვინც მას მხარს არ უჭერს. მოქმედებებიც ამ ვითარებიდან გამომდინარე ხდება“, - განაცხადა პაპასქირმა.
გარდა ამისა, მან სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა. კერძოდ, „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმაზე, რომელიც „ეროვნული მობილიზაციის კამპანიას“ იწყებს, აღნიშნულის ფარგლებში კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის 26 მაისს, თბილისში აქციას აანონსებს.
თეიმურაზ პაპასქირის თქმით, აქციები აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა შემცირებულია.
„ეს არ იქნება აქცია აქციისთვის და ამ ბრძოლის დასასრული, პირიქით, ახალ-ახალი ინიციატივები იქნება და ამ ყველაფერს ჩვენ წარმოვადგენთ, რადგან ახლა ჩვენ რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება თითქმის 2-თვიანი მობილიზება იმის საჩვენებლად, რომ საპროტესტო მუხტი არსად გამქრალა. სინამდვილეში, მოსახლეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისადმი“ კიდევ უფრო შემცირებულია“, - განაცხადა პაპასკირმა.
რაც შეხება მმართველი პარტიის შეფასებებს, რომ ოპოზიციას რეალურად არეულობა სურს, თეიმურაზ პაპასქირი აცხადებს, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ანადგურებს.
„26 მაისს, დღის პირველ ნახევარში არ ვაპირებთ აქციის გამართვას და წესით, ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს. თუმცა, ყოველთვის, როცა ესკალაცია ხდება, ეს არის ხელისუფლების ბრალი. მათ მიერ ჩადენილი ნაბიჯები, სასტიკი დარბევები, დემონსტრანტების მიმართ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება, გადამეტებული ძალის გამოყენება. მშვიდობიან მიტინგს როცა არბევ, ეს შენი ბრალია და არა მონაწილეების“, - განაცხადა პაპასქირმა.
გარდა ამისა, მან რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაც შეაფასა, რომ „მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს“. თეიმურაზ პაპასქირის განმარტებით, პატრიარქის არჩევის საკითხზე გარე ჩარევა დაუშვებელია.
„პატრიარქის არჩევა არის სინოდის საქმე. გარე ჩარევა არ არ უნდა იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან აქტიურობს და აშკარად ცდილობს თავისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას. ეს საერთო, ქართული საქმეა. თუ რუსეთი რომელიმე კანდიდატს უჭერს მხარს, გასაგებია, რომ ის კანდიდატი არ იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები. ვფიქრობ, სინოდის წევრები ამას კარგად იაზრებენ“, - განაცხადა პაპასქირმა.