სახალხო დამცველის ანგარიში - 2025 წელს, აქციებზე დაკავებული 131 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი - 2024 წელთან შედარებით, 2025-ში აქტივისტების დაკავების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები შემცირებულია

2025 წლის 1-ელი მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, აპარატმა მოინახულა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი, დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს - უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატთან საუბრისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან „გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებდა“.

„სახალხო დამცველის აპარატი 2025 წელსაც აქტიურად ახორციელებდა საპროტესტო აქციების მონიტორინგს და უფლებადარღვევებზე რეაგირებას. დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში, 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო.

2025 წლის 1-ელ მარტამდე მდგომარეობით, საპროტესტო აქციების მონიტორინგისას გამოვლენილი უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაცია ასახულია სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

2025 წლის 1-ელი მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი (26,7 %). დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან.

ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგს უკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც. გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული მიუთითებდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე.

ასევე, დაკავებულების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და ე. წ. ბუქნები გააკეთებინეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა 27-მა დაკავებულმა, სახალხო დამცველის აპარატმა, თავის მხრივ, რეაგირების მიზნით, მიმართა საგამოძიებო უწყებას.

აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 7 დაკავებულის შემთხვევაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა