სახალხო დამცველის ანგარიში - 2025 წელს, შეინიშნება პატიმართა რაოდენობის 22,6%-ით ზრდა, ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%-ით იყო შევსებული

2025 წელს, შეინიშნება პატიმართა (მათ შორის, ქალთა და არასრულწლოვანთა) რაოდენობის ზრდა (22,6%). ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-იდან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო (11 153) რაოდენობის 79% (8 795) - №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათების და პენიტენციური კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხი.

„2025 წელს, შეინიშნება პატიმართა (მათ შორის, ქალთა და არასრულწლოვანთა) რაოდენობის ზრდა (22,6%). ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-იდან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო (11 153) რაოდენობის 79% (8 795). ამასთანავე, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ №2, №8 და №15 დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, პატიმრები გადაიყვანონ სხვა შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში და ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს პატიმრის ოჯახის საცხოვრებელი ადგილი.

ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათების და პენიტენციური კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებებში, ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში შხაპის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიღების შესაძლებლობა ვერ აკმაყოფილებს პატიმართა ჰიგიენურ მოთხოვნებს. №17 დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. ბარაკული ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2025 წელს, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტების დროს, დაკავებულებთან, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რამდენიმე შემთხვევაში, პოლიციელების მიერ პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის, დაკავებისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდეგ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ“.

იქვე აღნიშნულია, რომ „შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც, შესწავლილ საქმეებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი მიუთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ“.

„კერძოდ, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანასა და ადმინისტრაციულ შენობებში მყოფ დაკავებულ პირებს პოლიციის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე, რის შედეგადაც დაკავებული პირები ზოგჯერ სხეულის მძიმე დაზიანებებსაც იღებდნენ.

გამოკითხული პირების უმრავლესობა ასევე უთითებდა პოლიციის მხრიდან არაეთიკურ საუბარზე. დაკავებულებთან გასაუბრების გარდა, 2025 წელს განხორციელებული პრევენციული ვიზიტების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა არასათანადო მოპყრობაზე საეჭვო 297 შემთხვევა გამოავლინა, რაც შესწავლილი საქმეების 4.5%-ს შეადგენს. ანალოგიური მაჩვენებელი 2024 წელს 4.8% იყო. დაკავებული პირები პოლიციის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდნენ 82 (27.6%) შემთხვევაში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც, შესწავლილ საქმეებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი მიუთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.

რაც შეეხება შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არსებულ მდგომარეობას, პრევენციული ვიზიტის დროს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ცენტრის თანამშრომლის მხრიდან განთავსებული პირის მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ერთ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. გარდა ამისა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ცენტრის თანამშრომლების მხრიდან ყვირილის და მუქარის არაერთ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე ყურადღება გამახვილებულია, დაკავებულების შემოწმებისას სრული გაშიშვლება და ბუქნების გაკეთების მოთხოვნებთან დაკავშირებითაც.

„2025 წელს განხორციელებული ვიზიტების დროს გამოკითხული დაკავებულების დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვანები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და მოსთხოვეს ბუქნების გაკეთება. რამდენიმე პირმა აღნიშნა, რომ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას ადგილი ჰქონდა პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებშიც. ამგვარ პრაქტიკაზე მიუთითებდნენ, როგორც ბრალდებულები, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება არ ითვალისწინებს პირის სხეულის სრულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პირის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობაა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამწუხაროდ, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა“.

„დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უფლება დარღვევებზე მიმდინარე საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ, კონკრეტული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე, გრძელდება.

დანაშაულის ჩამდენი პირების დაუდგენლად და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიუცემლად გრძელდება კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება (ე.წ. ლეონიძის ქუჩის საქმე), რომლის მასალებიც, 2024 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა საგამონაკლისო წესით შეისწავლა. სამწუხაროდ, შესწავლის შედეგად გაცემული წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების კვალიფიკაციით, მიუხედავად, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობისთვის საკმარისი ფაქტობრივი მოცემულობისა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, №2, №5 და №8 დაწესებულებებში პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყვირილის, უხეში, დამამცირებელი მიმართვისა და მუქარის ფაქტებს.

„2025 წელს განხორციელებული ვიზიტების დროს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პატიმრის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 1 შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. ამასთანავე, №2, №5 და №8 დაწესებულებებში პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყვირილის, უხეში, დამამცირებელი მიმართვისა და მუქარის ფაქტებს. საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ 2025 წელს ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 7 ფაქტზე დაიწყო გამოძიება“,- ნათქვამია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა