ლევან მაჭავარიანი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში - სანამ ის პრემიერი გახდებოდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, კორუფციის კუთხით კარგი სიტუაცია ნამდვილად არ იყო

როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში - როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ! სანამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, კარგი სიტუაცია ნამდვილად არ იყო, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩვენ ხელი არავისთვის დაგვიფარებია, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, კობახიძის მისამართით ფრაქცია „საქართველოსთვის“ კრიტიკის პასუხად გააკეთა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ პრინციპია, საქართველოში კორუფცია არ არსებობდეს და ამ თვალსაზრისით არც ერთი თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანი იყო, ყველა საქმე სააშკარაოზე გამოვიდა. ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ. როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, ეს ჩვენთვის სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ორმაგი დარტყმაა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და ხელი არავისთვის არ დაგვიფარებია, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან წამგებიანია.

რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, იმ დღიდან მთავრობის ყველა განკარგულება გამჭვირვალეა. მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა. მან ჩამოაყალიბა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა. სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა - მდინარაძის შესაძლებლობებზე რომ დავიწყო საუბარი, ძალიან შორს წავალთ. ხედავთ, როგორ ეფექტურად მუშაობს სუს-ი კორუფციის წინააღმდეგ. ასევე კობახიძის ინიციატივით გაციფრულდა შესყიდვების მოდული და ივლისიდან სამთავრობო შესყიდვები მთლიანად ციფრულ მოდულში გადავა, რაც გამორიცხავს იმას, რომ ვინმემ ვინმეს რაიმე პირობები მოარგოს.

აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რაც ირაკლი კობახიძის დაპირება იყო - სულ რამდენიმე წელიწადში კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო მალე ტოპ სამ ქვეყანაში შევა.

ირაკლი კობახიძის მოწოდებაა, რომ თუკი სადმე კორუფციის ნიშნებს ხედავთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ და მყისიერი რეაგირება იქნება. თუ მყისიერი რეაგირება არ იქნება, შეგიძლიათ ჟურნალისტებთან გააკეთოთ განცხადება, რომ მიწოდებულ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყვა. გპირდებით, რომ რეაგირება აბსოლუტურად ყველაფერზე იქნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა სესიაზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა