2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 10 528 პატიმარი. უშუალოდ მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენდა 7 392 პირს - სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს ქვეყანაში პატიმრების მაღალ მაჩვენებელზე და პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბოლო წლებია, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებს შორის საქართველოს პატიმართა რაოდენობის კოეფიციენტით მოწინავე ადგილი უკავია.
„სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს ქვეყანაში პატიმრების მაღალ მაჩვენებელზე და პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზე. ბოლო წლებია, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებს შორის საქართველოს პატიმართა რაოდენობის კოეფიციენტით მოწინავე ადგილი უკავია. 2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 10 528 პატიმარი. უშუალოდ მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენდა 7 392 პირს. ეს სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვან ყურადღებას და ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში, სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა.
საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საქმის შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ ორი პირი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებაში, ისე, რომ მათ ქმედებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის მიზეზობრივი კავშირი, საქმის მასალებითა და განაჩენით, დადგენილი არ ყოფილა.
საანგარიშო პერიოდში, მასმედიით გავრცელებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით ირკვეოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციის ფარგლებში ბრალდებულების საქმეებზე, სხდომაზე დასწრების მსურველი ათეულობით ან, შესაძლოა, ასეულობით მოქალაქე იკრიბებოდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სხდომები ხშირად ინიშნებოდა მცირე ზომის დარბაზებში, რაც სასამართლო განხილვებით დაინტერესებული საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დაცვის მხარის შუამდგომლობების საფუძველზე, დარბაზი იცვლებოდა. დარბაზის სიმცირის გამო, დამსწრეთა ნაწილი, დარბაზს მიღმა რჩებოდა (სხდომაზე დასწრება უჭირდათ ჟურნალისტებსაც), რაც დაძაბულობას, ხმაურსა და პროტესტს იწვევდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული უჰაერობის გამო, შეუძლოდაც გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. ასევე, მასმედიით გაშუქებული ჩანაწერებით, იკვეთებოდა სასამართლოს მანდატურების მხრიდან უხეში მოპყრობა დამსწრეების მიმართ. იყო შემთხვევა, როდესაც პირი წინააღმდეგობის გარეშე ტოვებდა შენობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მანდატურებმა უხეში ფიზიკური ზემოქმედების გზით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან. ზოგიერთი ვიდეოჩანაწერი მანდატურების მხრიდან მოქალაქის მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტს ასახავდა. მართალია, გამოძიება დაიწყო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, თუმცა 2025 წლის ბოლოს, ბრალდებულად ან დაზარალებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ ყოფილა”,- ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე საუბარია ფემიციდთან დაკავშირებითაც.
„სახალხო დამცველის მონიტორინგი, წლებია, აჩვენებს, რომ ფემიციდი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ გავრცელებული დისკრიმინაციული, სტერეოტიპული წარმოდგენებით და ქალთა უთანასწორობით. ამასთანავე, მრავალწლიანი დაკვირვება მიუთითებს, რომ ფემიციდი დაკავშირებულია განათლებისა და დასაქმების პრობლემებთანაც, რაც საკითხის კომპლექსურ ხასიათზე მეტყველებს. შესაბამისად, პრობლემის დაძლევა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი რეაგირებით ვერ მიიღწევა. აუცილებელია პრევენციული მექანიზმების გაძლიერება, განათლებაზე დაფუძნებული გრძელვადიანი პოლიტიკის განხორციელება და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარება, ძალადობის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.