2025 წელს დამუშავებული 297 შემთხვევიდან 18.2%-ში (54 შემთხვევა) დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია იზოლატორებში დაცულ სამედიცინო ჩანაწერებში - ამ შემთხვევაში ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ შესაძლოა, დაკავებული პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც იოსელიანი ანგარიშში აღნიშნავს, დაზიანების მიღების გარემოებები არასრულად ან საერთოდ არ არის აღწერილი, თუმცა ექიმი, რიგ შემთხვევებში, მაინც ადგენს შესაბამისობას დაზიანებასა და მისი მიღების გარემოებებს შორის.
„პრობლემურია პოლიციის ორგანოებში წარმოებული „დაკავებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალიც“, რადგან არ ითხოვს ფაქტობრივი დაკავებისა და იზოლატორში/პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროის მითითებას.
ბოლო წლებში დაზიანებების მიღების გარემოებების მითითების კუთხით ტენდენციის გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ გვხვდება შემთხვევები, როდესაც დაზიანების მიღების გარემოებები არასრულად ან საერთოდ არ არის აღწერილი, თუმცა ექიმი, რიგ შემთხვევებში, მაინც ადგენს შესაბამისობას დაზიანებასა და მისი მიღების გარემოებებს შორის.
ფოტოგრაფირება, როგორც დოკუმენტირების მნიშვნელოვანი მეთოდი, იშვიათად გამოიყენება, რასაც ხშირად ექიმები დაკავებულის უარით ხსნიან. 2025 წელს ნანახი ფოტოების ხარისხი უმეტესად არადამაკმაყოფილებელია, შენახვის ინსტრუქციის არარსებობის გამო კი, ფოტოები ქაოსურად ინახება და რთულად მოსაძიებელია.
კვლავ არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები და საგამოძიებო ორგანოში შეტყობინება არ გაგზავნილა. დამუშავებული 297 საეჭვო შემთხვევიდან შეტყობინება გაიგზავნა 161 (54.2%) შემთხვევაში. ამასთანავე არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულს დაზიანება აღენიშნება სახესა და თვალბუდის არეში და დაზიანებების ხარისხი და ფერი მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ ძალადობის შედეგად, ახლად მიღებული დაზიანებებია.
საყურადღებოა, რომ 133 შემთხვევიდან, რომელზეც შეტყობინება არ გაგზავნილა, 26 (19.5%) შემთხვევაში დაკავებულმა დაზიანება მიიღო დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.
ექიმისა და დაკავებულის შეხვედრის კონფიდენციალურობა ხშირად ირღვევა, რადგან იზოლატორის თანამშრომლები, უმეტეს შემთხვევაში, გაღებულ კართან იმყოფებიან და შეუძლიათ დაკავებულისა და ექიმის საუბრის მოსმენა, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ექიმის თხოვნით, ოთახშიც შედიან. სამედიცინო შემოწმებაზე თანამშრომლის დასწრების შემთხვევები იშვიათად დოკუმენტირდება. პრობლემურია სამედიცინო ოთახში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობაც დროებითი მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ექიმები 24-საათიან რეჟიმში არ მორიგეობენ, რაც ამცირებს დაკავებულთა დაცვის გარანტიებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, დაზიანებებს, ხშირად ზედაპირულად აღწერენ და მათი მიღების გარემოებებსაც იშვიათად უთითებენ. იმ იზოლატორებში, სადაც დაკავებულის შემოწმებას სასწრაფო დახმარების ექიმი ატარებს, იზოლატორის დატოვებისას დაკავებულს სხეულს არ უთვალიერებენ და არც დაზიანებების დოკუმენტირება ხდება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც იზოლატორებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ანგარიშშია აღნიშნული, „ყველა საკანში მიმდინარეობს მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა და ნახევრად ღია საპირფარეშოები, შესაძლოა, მოხვდეს კამერის ხედვის არეალში, რაც პირადი ცხოვრების უხეში ხელყოფაა“.
„2025 წელსაც პრობლემად რჩებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძები. ორი ან მეტი დაკავებულის ერთ საკანში მოთავსების შემთხვევაში, მათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა პირების თვალწინ უწევთ, რაც არღვევს პირად სივრცეს და დამამცირებელ მოპყრობად შეიძლება შეფასდეს. ამასთანავე, ყველა საკანში მიმდინარეობს მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა და ნახევრად ღია საპირფარეშოები, შესაძლოა, მოხვდეს კამერის ხედვის არეალში, რაც პირადი ცხოვრების უხეში ხელყოფაა. იზოლატორებში შხაპისა და გასეირნების უფლებით სარგებლობენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით აქვთ შეფარდებული და ისიც – მხოლოდ კვირაში ორჯერ.
სხვა პირებისთვის შხაპის მიღება დამოკიდებულია იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებასა და დამკავებელი ორგანოს თანხმობაზე, ხოლო გასეირნების უფლება მათთვის საერთოდ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული შეზღუდვები განსაკუთრებით პრობლემურია ქალებისთვის და ვერ პასუხობს მათ სპეციფიკურ საჭიროებებს. აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ მუდმივი და უპირობო წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი არაერთ ანგარიშში მიუთითებს, რომ ქალთა ჰიგიენური საჭიროებების უგულებელყოფა, მათ შორის, ჰიგიენურ საშუალებებსა და შხაპზე არასათანადო ხელმისაწვდომობა, შეიძლება შეფასდეს დამამცირებელ მოპყრობად. დამატებით, პრობლემაა ისიც, რომ იზოლატორების უმეტესობაში ქალი თანამშრომლები არ არიან დასაქმებულები. ეს ართულებს დაკავებულ ქალებთან ჰიგიენურ საკითხებზე კომუნიკაციას და სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფას, რაც ზრდის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკს“,- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ დაკავებული პირების ინფორმირება პრობლემური იყო 2025 წელსაც.
„მიღებული ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში, დაკავებისას და გამოკითხვის წინ, ან საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას. იზოლატორში შესახლებისას, ხშირ შემთხვევაში, დაკავებულ პირებს სიტყვიერად არ უმარტავენ, თუ რა უფლებებით შეუძლიათ სარგებლობა. დაკავებული ხელს აწერს უფლება-მოვალეობების ნუსხას, თუმცა, შესანახად იშვიათად გადაეცემათ.
ადმინისტრაციული წესით დაკავებულები აცხადებდნენ, რომ ოჯახის წევრების ან მათ მიერ დასახელებული პირების ინფორმირება დაგვიანებით, ძირითადად იზოლატორში მოთავსების შემდეგ ხდებოდა. სისხლის სამართლის წესით დაკავებულების შემთხვევაში, როგორც წესი, დაკავების ფაქტის შესახებ დროულად ატყობინებდნენ, თუმცა, ხშირად დაკავებულის ადგილსამყოფელს არ ამხელდნენ.
ადვოკატის ხელმისაწვდომობა - გასული წლების მსგავსად, ადვოკატები და დაკავებული პირები აღნიშნავდნენ, რომ პირველად ძირითადად ან დროებითი მოთავსების იზოლატორში, ან კიდევ უფრო გვიან ხვდებიან. ადვოკატთან დაკავშირების მოთხოვნა არც პოლიციის დაწესებულებებში აღირიცხება და არც დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ადვოკატებს ძირითადად დაკავებულების ოჯახის წევრები უკავშირდებიან.
პრობლემურია პოლიციის დაწესებულებებში ადვოკატთან კონფიდენციალური გასაუბრების შესაძლებლობაც, ვინაიდან დაწესებულებების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს გამოყოფილი ოთახი ადვოკატთან შესახვედრად“,- ნათქვამია ანგარიშში.