სახალხო დამცველი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს „ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტის“ (ტექნიკური რეგლამენტის) დამტკიცების ვალდებულებას.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, ცვლილებები ადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სამართლის სუბიექტების ვალდებულებას, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყონ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ცვლილებით გათვალისწინებული რეგულირების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რეგლამენტის აღსრულებაზე ზედამხედველობის ქმედითი და მოქნილი მექანიზმის შექმნა.

„სახალხო დამცველი მიესალმება და დადებითად აფასებს აღნიშნულ მიდგომას, ვინაიდან ციფრული გარემოს ხელმისაწვდომობა წარმოადგენს შშმ პირთა სრულფასოვანი მონაწილეობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, რაც ასევე გამომდინარეობს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებიდან და საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკიდან.

სახალხო დამცველი წლების მანძილზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოს, მომსახურებების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობა. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ციფრულ სივრცეში, მათ შორის, ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებზე წვდომის კუთხით, აგრეთვე ინდივიდუალური მხარდაჭერისა და დამხმარე ტექნოლოგიების სიმწირის ფონზე.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება გახდება სისტემური რეფორმის დასაწყისი, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსალური დიზაინის პრინციპის დანერგვას, მომსახურებებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტიზაციას და შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა