ომბუდსმენი - 2025 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროს არცერთი არასამთავრობოს მიმართ არ შეუდგენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არცერთი სუბიექტის მიმართ არ მოუთხოვია სამართალდამრღვევის ქონების დაყადაღება

2025 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროს არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ არ შეუდგენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არცერთი სუბიექტის მიმართ არ მოუთხოვია სამართალდამრღვევის ქონების დაყადაღება - ბიუროს არც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მოთხოვნების შესაძლო დარღვევების ფაქტების თაობაზე მიუმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის განმავლობაში, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვაზე, საერთო სასამართლოებს სულ 137 შუამდგომლობით მიმართა, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესწავლის შედეგად გამოიკეთა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციის ვალდებულებისგან თავის არიდების საფუძველზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ არცერთი სუბიექტი არ დაურეგისტრირებია.

„საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლითაც ყველა იმ პირს, რომელიც „უცხოური პრინციპალის აგენტად“ ჩაითვლება, სპეციალური რეგისტრაციისა და ანგარიშგების ვალდებულებები დაუწესდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით, მსგავსი მოთხოვნების შეუსრულებლობა მაღალ ჯარიმებთან ერთად, თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. კანონის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, მისი მიღება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი „სათანადოდ ვერ [უზრუნველყოფდა] გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას“, რამდენადაც არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ, უარს ამბობდა საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებაზე.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (“FARA”) ასლია, თუმცა მას მნიშვნელოვანი კრიტიკა მოჰყვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) განცხადებით, ახლად მიღებულმა კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების აქტივობები, მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო გარანტიების მოხსნით. ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ე.წ. “FARA”-ს ორიგინალ ვერსიას ახლავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რაც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების უცხოეთის გავლენის იარაღად შერაცხვას მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების გამო; ამის საწინააღმდეგოდ, მისი ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ძალების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში, დარეგისტრირდნენ და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.

2025 წელს ასევე შევიდა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, დონორის მხრიდან გრანტის გაცემა დაექვემდებარა საქართველოს მთავრობის თანხმობას. კანონის შესაბამისად, ამ თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. საგულისხმოა, რომ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რესურსების მოძიება და გამოყენება გაერთიანების თავისუფლებით დაცული უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, და ასევე არის უფლებადამცველი ორგანიზაციების არსებობის წინაპირობა, ხოლო ამგვარი შესაძლებლობის მზღუდავი ნებისმიერი ზომა უნდა იყოს ცხადი და უფლებაში ჩარევისათვის აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს. გრანტის ხელშეკრულების პროექტი ექვემდებარება შინაარსობრივ შესწავლას, რაც გულისხმობს გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების გამოყენების წინასწარ შეფასებას და შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.

2025 წელს სახალხო დამცველმა დაიწყო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში რეალიზაციაზე ზედამხედველობა. 2025 წელს, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა აღსრულებაზე მაკონტროლებელი ორგანო სსიპ „ანტიკორუფციული ბიურო“ იყო.

სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი მომართვების საფუძველზე შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ მოცულობითი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. შუამდგომლობის საფუძვლად, ბიურო, მათ შორის, სწორედ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ შესაბამისობის დადგენაზე მიუთითებდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი საზედამხედველო მექანიზმების პრაქტიკაში აღსრულება სიახლე იყო საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, 2025 წლის 16 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარედგინა. სხვა საკითხებთან ერთად, მოსაზრებაში განხილულია გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროსა და უფლებადამცველების საქმიანობაში ჩარევის ფარგლები. მათ შორის, აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის საქმეებში, საჭიროა, შეფასდეს, ხომ არ არის საზედამხედველო ფუნქციის

განხორციელება ადრესატი ორგანიზაციების კლასიკურ უფლებადაცვით საქმიანობაზე გადამეტებული პასუხი და ხომ არ უქმნის მოთხოვნილ მონაცემებზე დაშვება პოტენციურად გაუმართლებელ საფრთხეს პროფესიული საიდუმლოების დაცვას. გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერების სათანადოდ შესაფასებლად, სახალხო დამცველმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სამართალწარმოების (“SLAPPs”) უარყოფითი პრაქტიკის შესახებაც, რაც მოიაზრებს ერთი შეხედვით ლეგიტიმური, თუმცა გადაჭარბებული ან/და უსაფუძვლო სარჩელების წარდგენის ტენდენციას, რომლებიც კრიტიკის ცენზურის ქვეშ მოქცევას და მის ჩახშობას ემსახურება.

სახალხო დამცველმა ასევე შეისწავლა და გამოიკვლია, რომ 2025 წლის განმავლობაში, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვაზე, საერთო სასამართლოებს სულ 137 შუამდგომლობით მიმართა, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა. თუმცა ბიუროს ცნობით, კანონის შესაბამისად, ორგანიზაციების თაობაზე ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, უწყებას არ შეუდგენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არცერთი სუბიექტის მიმართ არ მოუთხოვია სამართალდამრღვევის ქონების დაყადაღება.

2025 წელს ანტიკორუფციულ ბიუროს არც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მოთხოვნების შესაძლო დარღვევების ფაქტების თაობაზე მიუმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის. საგულისხმოა, რომ დასახელებული აქტის საფუძველზე, გასულ პერიოდში ასევე ხელმისაწვდომი იყო ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. 02.20.2026 დროისათვის, ბაზაში 12 აქტიური განმცხადებელი იძებნებოდა, რომლებმაც მიმართეს ბიუროს რეგისტრაციისთვის.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პრაქტიკის შესწავლას, სახალხო დამცველმა გამოარკვია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილი იყო 669 განცხადება. რეესტრის ცნობით, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა 63 სუბიექტს (არ დადგინდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის), ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 385 სუბიექტთან მიმართებით.

გარდა ამისა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შესწავლის შედეგად გამოიკეთა, რომ რეგისტრაციის ვალდებულებისგან თავის არიდების საფუძველზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ არცერთი სუბიექტი არ დაურეგისტრირებია.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში უფლებადამცველების საქმიანობისთვის შექმნილი გარემოს ზედამხედველობის ფარგლებში საყურადღებო იყო 12 იურიდიული პირის: ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევები, რაც განხორციელდა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დგინდებოდა, ეს უკავშირდებოდა 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე „ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში“ მონაწილეობას. შესაბამისი მომართვების საფუძველზე, სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ზემოხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით, ყადაღა დაედო რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირის საბანკო ანგარიშს. როგორც გამოიკვეთა, განჩინებაში არ ყოფილა მითითებული, თუ კონკრეტულად რაში და რა ფარგლებში გამოიხატებოდა თითოეული მათგანის ქმედება, რომელი კონკრეტული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება დაორგანიზდა ან/და ფინანსური ან სხვა სახის მატერიალური დახმარება გაიწია ან/და დაიგეგმა.

ამდენად, დასახელებული განჩინების გასაჩივრების შემდეგ, სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რომელშიც განსახილველი საკითხის სათანადოდ შესაფასებლად, თანაზომიერი უფლებრივი სტანდარტები იქნა განხილული. მოსაზრებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმებაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა იმ გარემოების შემოწმება, ხომ არ მიეკუთვნებოდა პროკურატურის მიერ სადავოდ გამხდარი ქმედებები უფლებრივი სტანდარტით დაცულ უფლებადაცვით საქმიანობას და მათ საპასუხოდ მიღებული საზედამხედველო თუ სხვაგვარი ზომები ხომ არ წარმოშობდა ხელშეშლის ან დაშინების საფრთხეებს ლეგიტიმური, არადანაშაულებრივი საქმიანობის გამო. ამავე დროს, სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, უფლებადამცველი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობების განხილვისას, შეეფასებინა, ხომ არ ყოფილა საქმეზე “SLAPP”-ებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი.

გარდა ზემოხსენებულისა, საანგარიშო წელს გამოწვევად დარჩა უფლებადამცველების მიმართ, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი დანაშაულების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

▪ საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, უფლებადამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და უფლებადამცველების შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინცირების თანახმად, განსაზღვროს უფლებადამცველების ცნება და აწარმოოს სტატისტიკა მათ მიმართ ჩადენილი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება.

უწყება ასევე რეკომენდაციით მიმართავს თანამდებობის პირებს:

▪ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს, დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა