ომბუდსმენი - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სარემონტო ან/და ამორტიზებულია ინფრასტრუქტურა, პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძები, ჰიგიენური ნივთებით და ტანსაცმლით მომარაგება

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სარემონტო ან/და ამორტიზებულია ინფრასტრუქტურა - პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძები, ასევე, ჰიგიენური ნივთებით და ტანსაცმლით მომარაგება და ინდივიდუალური ნივთების შესანახი სათავსოებით აღჭურვა,- ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალს არ აქვს გავლილი პაციენტებთან ურთიერთობის და კრიზისული შემთხვევების მართვის საკითხებში გადამზადება“.

მისივე თქმით, მწვავე პრობლემად რჩება პერსონალის სიმცირეც, განსაკუთრებით დიდი ზომის და გადატვირთულ დაწესებულებებში, რაც პაციენტების საჭიროებების დაუკმაყოფილებლობასთან ერთად, იწვევს კონფლიქტებზე დაგვიანებულ რეაგირებას.

„დასაქმებულ პერსონალს უწევს ვაკანტური პოზიციების შეთავსება ისე, რომ არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ან/და დამატებით მორიგეობა, რაც აისახება მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და იწვევს პროფესიულ გადაწვას.

სარემონტო ან/და ამორტიზებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძები. პრობლემურია, ჰიგიენური ნივთებით და ტანსაცმლით მომარაგება, ასევე, ინდივიდუალური ნივთების შესანახი სათავსოებით აღჭურვა. შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტებს, შესაძლოა, იატაკზე დაგებულ მატრასებზეც კი მოუწიოთ ძილი, ვინაიდან დაწესებულება ხშირად აჭარბებს 110- საწოლიან ლიმიტს, ამასთანავე, პაციენტებს საერთოდ არ ეძლევათ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა. მსგავს დამთრგუნველ და შემზღუდავ გარემოში ზოგიერთ პაციენტს თვეების და წლების გატარება უწევს. შესაძლოა, მათი გარკვეული რაოდენობა არ საჭიროებდეს აქტიურ სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ წასასვლელის არქონის გამო სტაციონარს ვერ ტოვებენ“,- ნათქვამია ანგარიშში.

იოსელიანი ასევე, ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებზეც. როგორც ანგარიშში წერია, „2025 წელს მონახულებულ დაწესებულებებში, ბენეფიციარებს დე ფაქტო შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლება და სრულად სეგრეგირებულნი იყვნენ საზოგადოებისგან“.

„მათ არ ეძლევათ დამოუკიდებლად დაწესებულების გარეთ გასვლის შესაძლებლობა. დაწესებულებების ინსტიტუციური ბუნება, იქ დამკვიდრებული რეჟიმი და პატერნალისტური მიდგომა ბენეფიციარებს განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს.

საცხოვრებელი პირობები და რეაბილიტაცია 2025 წელს, ნაწილობრივ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ფსიქიატრიული დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარი გადავიდა სენაკში, შედარებით გაუმჯობესებულ გარემოში. თავშესაფარი კომპაქტურად, ერთ ეზოში განთავსებული 11 ბენეფიციარზე გათვლილი კოტეჯებისაგან შედგება, რაც არ შეესაბამება დეინსტიტუციონალიზიის პრინციპს, თუმცა ბენეფიციარებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები აქვთ და ეზოში, სუფთა ჰაერზე თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ძევრის და ბედიანის შშმპ პანსიონატებში არადამაკმაყოფილებელი პირობებია. დაწესებულებების დიდი ზომის, მოძველებული ინფრასტრუქტურის, და პერსონალის სიმცირის გამო, სრულყოფილად ვერ ხერხდება სანიტარიული პირობების დაცვა. კვლავ გამოწვევად რჩება, მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის გარემოს მისაწვდომობის, განყოფილებების გადატვირთულობის და ბენეფიციარების პირადი სივრცით უზრუნველყოფის საკითხები. დაწესებულებებში ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები უკიდურესად მწირია ან საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი. ამ ფონზე, ბენეფიციარების ძირითადი თავშესაქცევი საერთო ტელევიზორია. დაწესებულებები უზრუნველყოფენ ბენეფიციართა კვებას. ბენეფიციარებს დამატებით საკვების მომზადების უფლება არ აქვთ. რაც შეეხება სხვადასხვა დაავადების დროს შესაბამის დიეტურ კვებას, სრულად უზრუნველყოფილი არ არის“,- წერია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა