გორში, ძაღლების თავშესაფართან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ხმაური იყო ზუგდიდშიც, სადაც ცხოველთა დამცველები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შეყვანილი ცხოველები უკან აღარ ბრუნდებიან, რადგან ევთანაზიას უკეთებენ.
ცხოველთა უფლებადამცველების განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციისა და სტერილიზაციის პროცესი გაუმჭვირვალეა.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას. აქციის მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა. სააგენტო უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ. მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.