საქართველოში ირანის ელჩის საჯარო მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა ქართველი ხალხის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეჟიმის ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას მთელი ძალაუფლებრივი ვერტიკალისა და პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი მოჰყვება, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ირანის ელჩის ალი მოჯანის მიერ ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მინიშნება.
„გუშინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა პირდაპირ მუქარას ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს.
ბოლო წლებია ყველანი ვაკვირდებით ირანის პოლიტიკური გავლენის ქსელის გაძლიერებას და გააქტიურებას, რომელთა მიმდევრებიც არა მხოლოდ ღიად გამოხატავენ მტრობას შეერთებული შტატების, ისრაელის და თავისუფალი სამყაროს მიმართ, არამედ საჯაროდ აღუთქვამენ მორჩილებას ტერორისტულ ფიგურებს და განადიდებენ მათ.
ამის შესახებ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობილი არაერთი კვლევა ვიხილეთ, რომელიც ამ ქსელის არსებობას ადასტურებს.
ივანიშვილის რეჟიმმა, ერთი მხრივ, დაუშვა და ხელი შეუწყო უცხო ქვეყნის აგრესიული, სახიფათო იდეოლოგიის გავლენის ქსელის შექმნას საქართველოში და მეორე მხრივ, თავისი პროპაგანდითა და საჯარო პოზიციებით, ფაქტობრივად, ირანის ისლამური რეჟიმის მხარე აირჩია მიმდინარე დაპირისპირებაში, რამაც ხელი შეუწყო როგორც ამ გავლენის გაძლიერებას, ისე საქართველოს იზოლაციის გაღრმავებას თავისუფალი სამყაროსგან.
რეჟიმმა, რომლის პროპაგანდაც მუდამ მშვიდობის შენარჩუნებაზე აპელირებს, რეალურად, მტრული იდეოლოგიის უცხო ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიგნით ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ისეთი გავლენა მოეპოვებინა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ირანის ელჩის საჯარო მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა ქართველი ხალხის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეჟიმის ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას მთელი ძალაუფლებრივი ვერტიკალისა და პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი მოჰყვება.
საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რათა საქართველომ შეიძინოს მძლავრი მოკავშირეები, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გზას და დაიწყოს კონსტიტუციური მეთოდებით ქვეყნის შიგნით ამ ტიპის გავლენის ქსელების განეიტრალება”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ “როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ”.