საქმეზე „ინტერსტანდარტ საბურთალო“, სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითი განხილვა გაიმართება

2 და 3 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შპს „ინტერსტანდარტ საბურთალო“, სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1782 და №1840). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციებით დადგენილია, ერთი მხრივ, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობის წესი, რომლის თანახმადაც, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. მეორე მხრივ, სადავო ნორმა ადგენს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

„მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანად განხილვის უფლებას, რამდენადაც, მისი უფლების შეზღუდვა, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ამის შესახებ ის სათანადოდ არ იყოს ინფორმირებული. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი აქტის გაცნობის წესი უნდა გამოიყენებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, კერძოდ, მაშინ თუ სხვა ზომებით ვერ ხერხდება ადრესატისთვის აქტის ჩაბარება.

მოსარჩელე, აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, რომლის მიხედვითაც, აქტის გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან შენობის დემონტაჟის შეჩერების ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მშენებლობის და დემონტაჟის ნაწილში აღსრულების შეუჩერებლობით, პრაქტიკულად, აზრი ეკარგება აქტის გასაჩივრების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა