ხვალვე ვაპირებთ დავაინიციროთ ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც იმუშავებს საქართველოში მინიმალური ხელფასის პრინციპების დადგენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროგრესს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ვერ გრძნობს.
„ჩვენც ძალიან გვახარებს ეკონომიკური ზრდა, შეიძლება თქვენზე მეტადაც. უბრალოდ კითხვა მაქვს: რისთვის გვჭირდება ეს ეკონომიკური ზრდა? თუ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ სოციალურ მდგომარეობაზე ამას არ იგრძნობენ, მაშინ რისთვის გვჭირდება ასეთი ეკონომიკური ზრდა? იმისთვის, რომ ისევ ერთი და იგივე ოჯახები გამდიდრდნენ და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ბიზნესები.
მინდა, შეგახსენოთ თქვენივე პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის ფრაზა - ,,რა გიკვირთ როდესაც მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა - 99% არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი“. გასაკვირი სწორედ ის არის... გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, როდესაც ასე თავგამოდებით იცავთ ბიზნესებს და მათ მილიონიან მოგებებს, არ გინდათ, რომ ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ. მათ მოგებებს იცავთ იმიტომ, რომ ისინი მერე თქვენ გაფინანსებენ პირდაპირ თუ ირიბად.
ხელისუფლება, მისი შეფასებით, უფრო მეტად იცავს მსხვილი ბიზნესების ინტერესებს, ვიდრე დასაქმებულების სოციალურ მდგომარეობას. ამ კონტექსტში შარაშიძემ გაიხსენა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი მმართველი პარტიის შემომწირველია.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ფასების ზრდაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო.
„გაზრდილ ფასებზე რომ საუბრობთ ისიც გახსოვდეთ, რომ პირდაპირი თუ ირიბი გაგებით სწორედ პარტია „ქართული ოცნება“ ზის იმ ფასების წილში. იმიტომ, რომ იმ ბიზნესების კოლოსალური მოგებები მერე თქვენთან მოდის გეუბნებით, გნებავთ ოფიციალურად და გნებავთ არაოფიციალურად. გაზრდილ ფასებზე თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, პირველ რიგში ხართ თქვენ, არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო.
არ აქვს არანაირი მნიშვნელობა გახარიას დროს ვინ იყო „კომუნიკაციების კომისიის“ ხელმძღვანელი. რა მნიშვნელობა აქვს... ვსაუბრობ „2 ნაბიჯზე“, რომელიც არის თქვენთან დაკავშირებული კომპანია. რომ კახა კალაძემ თავად თქვა, რომ ბიზნესის 99% არის „ოცნების“ შემომწირველი. ბიზნესის 99% თუ თქვენი შემომწირველია, მაშინ ძალიან ბუნებრივი და გასაგები ხდება რატომ არ გინდათ ამ ბიზნესს მოგება შეუმცირდეს, ელემენტარულად მცირედით მაინც, რომ საკუთარ თანამშრომლებს ანაზღაურება გაუზარდონ“, - განაცხადა შარაშიძემ.