გამომძიებელს მასთან შემხებლობა ჰქონდა იმიტომ, რომ მინიმუმ სამჯერ დაზუსტდა გელა უძილაურის ბრალი. რაც შეეხება სიგუას, საერთოდ არ ვიცი, რა შემხებლობა ჰქონდა და არც არანაირი შემხებლობა არ აქვს მას უძილაურთან, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ გელა უძილაურის ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც უძილაურმა პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე, სიგუაზე და გამომძიებელზე მიუთითა, თითქოს ისინი გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ უძილაურს მიქაძეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ.
პროკურორის თქმით, უძილაურის დღევანდელი ჩვენება მის მიერ ყველა აქამდე მიცემულ ჩვენებასთან მოდის წინააღმდეგობაში და მან პროცესზე სიმართლე არ ილაპარაკა.
“აქამდე რაც დაკითხვები განხორციელებულა, მსჯავრდადებულ გელა უძილაურს სიმართლესთან ახლოს ინფორმაცია არსად მოუწოდებია და არც მოლოდინი მქონდა, რომ 1-ელ აპრილს, როდესაც დაცვის მხარის ინიციატივით დაიკითხებოდა სასამართლო პროცესზე, რაიმე სიმართლეს იტყოდა. უბრალოდ, მართლა გულწრფელად მაინტერესებს ამ კაცის ფანტაზია სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. ყოველ დაკითხვაზე ახალ-ახალი ვერსიები ემატება. ერთი ვერსიით დაკარგა იარაღი, მეორე ვერსიით გადააგდო იარაღი, მესამე ვერსიაში იყო, რომ არ იცის, სადა არის იარაღი. მართლა გულწრფელად მაინტერესებს, სადამდე შეიძლება წავიდეს მისი ფანტაზია.
როდესაც ვიხილავთ მკვლელობის ორგანიზების საკითხს, ბუნებრივია, შეკითხვები ისმევა მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს გელა უძილაურისგან მოვისმინეთ, შემხებლობა არ მქონია მიქაძეებთანო. კაცი, რომელიც სამი წელი მუშაობდა გიორგი ჯოხაძესთან მძღოლად, გიორგი ჯოხაძე კი მიქაძეების ახლო მეგობარია. გარდა ამისა, ჩარიცხვები აქვს დავით მიქაძისგან და არ იცის, ვინ რას ურიცხავს, ვისთან აქვს შემხებლობა და ა.შ. ამ კაცისგან უნდა დავიჯეროთ ჩვენ ის, რაც სრული აბსურდია. ეს ადამიანი რასაც ამბობს, პირველ რიგში, თავის თავს ეწინააღმდეგება, ყველა მის აქამდე მიცემულ ჩვენებას ეწინააღმდეგება და ახსნები აქვს ჩვენების არასწორად მიცემის. დღეს ისიც კი გაბედა, თითქოს მაძალებდნენო, რომ კონკრეტული პირები დამესახელებინაო.
ჩვენ რამდენიმე პროცესი გავიარეთ, რამდენიმე ეტაპად და დღეს იყო პროცესი, სადაც თქვა, რომ თურმე ვინმე რაიმეს აიძულებდა წარსულში და დღეს გაახსენდა, რომ ეს ეთქვა, მაინც და მაინც მიქაძეების სასამართლო პროცესზე.
ფაქტია და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გელა უძილაურს არავითარი სიმართლე ან სიმართლესთან ახლოს მყოფი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
გამომძიებელს მასთან შემხებლობა ჰქონდა იმიტომ, რომ მინიმუმ სამჯერ დაზუსტდა გელა უძილაურის ბრალი. რაც შეეხება სიგუას, საერთოდ არ ვიცი, რა შემხებლობა ჰქონდა და არც არანაირი შემხებლობა არ აქვს მას გელა უძილაურთან და არ უნდა ჰქონდეს. თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ მიქაძეებს ასახელებდა, მერე უკვე ჯოხაძეც გაჩნდა ამ ყველაფერში და მოსამართლემაც ჰკითხა, რომელი პასუხი მივიღოთ საბოლოო ჯამშიო”, - განაცხადა ვეფხვაძემ.