გორში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფართან აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივებს თბილისიდან ჩასული აქტივისტები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა თავშესაფრის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვეს, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რეალურად რა ხდება თავშესაფარში.
მათი განცხადებით, აუცილებელია ვითარების გამჭვირვალობა.
„როგორც თვითმხილველები ამბობენ, გუშინ გვიან ღამით, თავშესაფარში შესულა სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანები, ნახევარ საათში კი ჩაირთო კრემატორიუმი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მუშაობდა. დაურეკიათ თავშესაფრის ხელმძღვანელთან, რომელსაც დაუდასტურებია და უთქვამს, რომ - კი, ძაღლები დავწვითო. ამასთან, რამდენიმე მკვდარი ძაღლი, რომელიც ვითომ გორში იპოვეს და დაწვეს, ამას კრემატორიუმის 5-საათიანი მუშაობა არ სჭირდებოდა. გონივრული ეჭვიც არ სჭირდება, პირდაპირ ფაქტი არსებობს, რომ ბევრი ძაღლი დაწვეს“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ინფორმაციისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს უწოდებს. როგორც სეს-ში აცხადებენ მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.