ომბუდსმენი - აქციის მონაწილეების დაზიანებები იყო ძალიან მაღალი ხარისხის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიდან არავინ არის დასჯილი - ასეთი რაღაცები ვერ უძლებს დროის გამოცდას, აუცილებლად მოვა სხვა ხელისუფლება და მოუწევთ პასუხისგება

[აქციის მონაწილეები] ვინც მოვინახულე, მსუბუქი დაზიანებები არ ჰქონდათ, ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული დაზიანებები. რამდენიმე ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშიც იმყოფებოდა. იყო ძალიან მძიმე შემთხვევები, ფაქტია, რომ დღემდე არავინ არის დასჯილი. ეს პროცესი უკვე წელიწადზე მეტია, გაჭედილია და მე ვერ ვხედავ, რომ თუნდაც პოლიტიკურ დონეზე, იგივე მმართველი პარტიიდან ვიღაც ამ საკითხს აყენებდეს და ამის გამოძიებას ითხოვდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის დროს დაშავებულ მომიტინგეებთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშიც მოხვდა, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ვერ უძლებს დროს. მისი განმარტებით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან, რომლებმაც აქციების დაშლისას სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს.

„ამ საკითხზე შარშანდელ ანგარიშშიც ძალიან ბევრი ეწერა. შარშანაც პარლამენტში ძალიან დიდი დრო დავუთმე სწორედ ამ საკითხზე საუბარს, 2024 წელსაც იყო დაკავებები და მაშინაც არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა 500-ზე მეტი ადამიანი მოინახულა, ამ 500 ადამიანიდან 100-ზე მეტი პირადად მე მოვინახულე და არ მჭირდება ჩანაწერი ან დამატებითი მონაყოლი იმისთვის, რომ ამ ადამიანების შესახებ ამბავი ვიცოდე, ჩემი თვალით ვნახე ისინი საავადმყოფოებშიც, დაკავების იზოლატორებშიც.

ყველაზე მძიმე შემთხვევები საავადმყოფოებში იყო, განსაკუთრებით ინგოროყვას კლინიკაში, ძირითადად იქ მიჰყავდათ ხოლმე დაშავებულები. ნანახი მყავს ეს ადამიანები, მათი დაზიანებები იყო ძალიან მაღალი ხარისხის და ვინც ეს ადამიანები დააზიანა, არცერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

ერთის მხრივ, დაკავებულები არიან აქციის მონაწილეები, გასაგებია, რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაც ჩაიდინა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები პასუხისგებაში მიცემული არ არიან.

მე ვინც მოვინახულე, მათ მსუბუქი დაზიანებები არ ჰქონდათ, ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული დაზიანებები. რამდენიმე ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშიც იმყოფებოდა. იყო ძალიან მძიმე შემთხვევები. ისინი, ვინც უბრალოდ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ და ძალის გადამეტებაზე, ისინი საავადმყოფოში არც მოხვედრილან, ძირითადად იზოლატორებში იყვნენ და იქ მიყვებოდნენ ამ ყველაფერს.

იმ პერიოდში ძალიან აქტიურად მუშაობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ამ საქმეებს იკვლევდა, გამოძიებას აწარმოებდა. რამდენადაც ვიცი, 100-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება. იდენტიფიცირება რომ ვერ ხერხდება, ვისაც ნიღაბი უკეთია, იმაზე შეიძლება იყოს ეს არგუმენტი, თუმცა გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ ყველას იდენტიფიცირება მოახდინოს. იქ ასევე იყო შემთხვევები, ვისაც არ ეკეთა ნიღაბი და მათ იდენტიფიცირებას საერთოდ არაფერი არ სჭირდება გარდა პოლიტიკური ნებისა. ვიღაცის იდენტიფიცირება შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ ვიღაცების იდენტიფიცირება საერთოდ არ არის პრობლემა.

მთავარი არის ის, რომ ადამიანებმა როდესაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდეს და არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი იმიტომ, რომ ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ უსამართლობის განცდას იწვევს. არ შეიძლება, ერთ მხარეს გამოიყენო სასჯელი და მეორე მხარეს საერთოდ არცერთი ნაბიჯი არ იქნას გადადგმული.

ასეთი რაღაცები ვერ უძლებს დროის გამოცდას. გავა დრო, აუცილებლად მოვა სხვა ხელისუფლება და ამ ადამიანებს მაინც მოუწევთ პასუხისგება.

ფაქტია, რომ დღემდე არავინ არის დასჯილი. ეს პროცესი უკვე წელიწადზე მეტია, გაჭედილია და მე ვერ ვხედავ, რომ თუნდაც პოლიტიკურ დონეზე, იგივე მმართველი პარტიიდან ვიღაც ამ საკითხს აყენებდეს და ამის გამოძიებას ითხოვდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა