ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნული ტრაგედიაც არის, რაც ალეკოს გარშემო ტრიალებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საკითხზე შეფასების გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნული ტრაგედიაც არის, რაც ალეკოს გარშემო ტრიალებს. როგორც კი მომეცემა საშუალება გავეცნო მტკიცებულებებს, აუცილებლად ვიტყვი ჩემს აზრს. ალეკოს ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად, არც წინა და არც ახალ საქმეზე არ მქონია საშუალება გავცნობოდი მასალებს“,- განაცხადა იოსელიანმა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის თქმით, ის ელისაშვილს პერიოდულად ხვდება, ესაუბრება და მის მდგომარეობას ეცნობა. იოსელიანი აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ აპირებს მის მონახულებას.
„ალეკოსთან პერიოდულად შევდივარ, ვნახულობ, ვკითხულობ. ბევრს ვესაუბრები. მომდევნო კვირას ვაპირებ კიდევ შესვლას და მონახულებას, უბრალოდ გამხნევებას. ამაზე მეტი ამ ეტაპზე არ შემიძლია. ის ჩემი მეგობარია და ყველანაირად ვცდილობ გვერდში დავუდგე იმდენი ხანი, რამდენიც მოუწევს საპატიმროში ყოფნა. მან იცის, რომ ჩემი იმედი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის განმარტებით, დაწესებულება, სადაც ელისაშვილი იმყოფება, მკაცრი რეჟიმისაა, თუმცა მის მიმართ დამატებითი ან განსაკუთრებული არასასურველი მოპყრობა არ ფიქსირდება.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა პატიმართა უფლებებზე და აღნიშნა, რომ არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ ყველა ბრალდებულისთვის.
იოსელიანის ინფორმაციით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პროკურორს მისცემს შესაძლებლობას, იზოლაციის პერიოდში პატიმრებს არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება შეუნარჩუნდეს.
„ალეკო ელისაშვილთან რამდენჯერმე ვიყავი მისული. ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას და პრობლემებს არ უჩივის. თვითონ დაწესებულებაა მკაცრი რეჟიმის, მაგრამ მის მიმართ დამატებითი არასასურველ მოპყრობას არ აქვს. შვილები ჰყავთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ჩვეულებრივ ბრალდებულებასაც, ამ ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია თავიანთი შვილების ნახვა. პოლიტიკოსების ამბავი ჩანს საზოგადოებისთვის, თორემ უამრავი ხალხია, ვისი ამბავიც არ ჩანს. ამის შესახებ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს მივწერე, ვთხოვე, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რითაც პროკურორს ექნება საშუალება გარე სამყაროსთან იზოლირების პერიოდში, როდესაც ხდება მათი ე.წ. გადაკეტვა და არ აქვთ არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის საშუალება, ამის საშუალება ჰქონდეთ. არასრულწლოვან შვილთან კომუნიკაცია არ არის საფრთხის მატარებელი. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხი არ მოსულა. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ ეს ცვლილება აუცილებელი და სამართლიანია“, - განაცხადა იოსელიანმა.