გიორგი კაჭარავა - აშშ-ის ნატო-დან გამოსვლას სჭირდება სენატის და კონგრესის თანხმობა, სადაც არ მგონია, ტრამპმა მხარდაჭერა მოიპოვოს, ახალი თავდაცვის სტრუქტურის შექმნაზე კი ალბათ, ვერ წავლენ, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული გზა

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, გიორგი კაჭარავას შეფასებით, საქართველოში ირანის ელჩის მიერ როგორც 31 მარტს, ისე 1-ელ აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადება, საქართველოს მიმართ მუქარის შემცველია.

ამასთან, როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბევრი გარემოება ადასტურებს იმას, რომ ირანის ელჩის განცხადება სწორედ საქართველოს ეხება.

„ეს იყო აბსოლუტურად არადიპლომატიური ჟესტი და გამონათქვამი. იყო ქვეყნის მიმართ პირდაპირ მუქარა. რატომ ხდება ეს? აქ რამდენიმე მიზეზი არის. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის ჩვენს რეგიონში ზოგადი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მარტო სამხრეთ კავკასიაში კი არა, არამედ მის მომიჯნავე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, საფრთხეებს ირანი ხედავს, თუნდაც რეგიონში აშშ-ის როლისა და წონის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ეს ეხება აზერბაიჯანს და მის ცალკეულ ურთიერთობას აშშ-თან. შეეხება სომხეთს, რომელსაც გაღრმავებული ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-თან. ალბათ, ეს ეხება იმ ზარს, რომელიც 30 მარტს ვაშინგტონიდან თბილისში განხორციელდა, როცა ბატონი რუბიო ბატონ კობახიძეს ესაუბრა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიდან, საუბარი იყო რეგიონში და საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე. უსაფრთხოების საკითხები, რომელიც დღეს აშშ-ს აინტერესებს საქართველოში იმ დონეზე, რომ რუბიომ კობახიძეს დაურეკოს, ეს არის ირანში მიმდინარე ომი და ყველაფერი, რაც ამასთან არის დაკავშირებული.

[რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ირანის ელჩს საქართველო არ უგულისხმია] განცხადება რომ საქართველოს მისამართით არ ყოფილიყო და მსოფლიოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისკენ ყოფილიყო მიმართული, მაშინ ამ განცხადებას რანგირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებდა. როცა განცხადებას ელჩი აკეთებს, ეს ეხება იმ ქვეყანას, რომელ ქვეყანაშიც ეს ელჩი არის აკრედიტებული, ამიტომ ელჩის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, ეხება იმ ტერიტორიას, სადაც მას, როგორც ელჩს იურისდიქცია აქვს, ანუ საქართველოს“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ შექმნილ ვითარებაში, გიორგი კაჭარავა განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ უნდა დაიჭიროს რუსეთს და ირანს.

„სამწუხაროდ, ჩვენ სხვებზე უფრო დაუცველები ვართ ამ რეგიონში. დღეს ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, როგორც ქვეყანა და ასევე, ჩვენი მთავრობა. მოგვიწევს ბალანსირება ორ დიდ ქვეყანას შორის, რომელიც არის დაზიანებული, ვგულისხმობ რუსეთს და ირანს, რომელიც დაზიანებულია თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ომებით და დასავლეთთან დაპირისპირებით. ამ ლავირებაში ჩვენ, როგორც ქვეყანას გაგვაჩნია ძალიან ცოტა „ლუფტი“ იმისთვის, რომ რაღაც ვითამაშოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ პრაგმატულად უნდა შევხედოთ სიტუაციას. პრაგმატიზმი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ პრორუსული ქვეყანა იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში ეს არის ის დიდი დაბრკოლება, რომელიც უშლიდა ხელს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და თუნდაც იმას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ამის გამო, ჩვენ პრორუსულები ვერ ვიქნებით. ჩვენ ვერ ვიქნებით ირანის მომხრე იმიტომ, რომ დღევანდელ ირანის რეჟიმთან საქართველოს არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ღირებულებითი თვალსაზრისით. გვრჩება დასავლეთი და აშშ, რომელიც არის ზუსტად ის მიმართულება, რომლისკენაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიისწრაფვის“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

მისი განმარტებით, საქართველოსთვის არსებული ვითარება გაკვეთილი უნდა იყოს და საკუთარ უსაფრთხოებას მიხედოს.

„ჩვენ ბალანსი უნდა დავიცვათ. გაცხადებული უნდა იყოს ე.წ. წითელი ხაზები, რის იქითაც ჩვენ არასდროს წავალთ, ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი არის ის, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილი უნდა იყოს და საკუთარ უსაფრთხოებას უნდა მივხედოთ, ოღონდ სერიოზულად და ინსტიტუციურად. ეს ნიშნავს ჯარის, სპეცსამსახურების გაძლიერებას საერთაშორისო გამოწვევების მიმართ“, -განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

რაც შეეხება ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის დონალდ ტრამპის მუქარას, რომ აშშ ნატოს დატოვებს, გიორგი კაჭარავა მიჩნევს, რომ იურიდიულად ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოატლანტიკურად გასვლა გამორიცხულია. ამასთან, გიორგი კაჭარავა გამორიცხავს, რომ აშშ-მა ახალი თავდაცვითი სტრუქტურა შექმნას.

„იურიდიულად აშშ-ის გამოსვლას ალიანსიდან პროცედურულად სჭირდება სენატი და კონგრესი, სადაც არ მგონია, პრეზიდენტმა ტრამპმა მხარდაჭერა მოიპოვოს, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, ეს გამორიცხულია. დე ფაქტო კი, შეიძლება ეს კავშირები შენელდეს და ტრანსფორმაცია განიცადოს. ახალი თავდაცვის სტრუქტურის შექმნაზე არ მგონია, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია წავიდეს. ეს არის გრძელვადიანი და საკმაოდ ძვირადღირებული გზა. ის, რომ არსებობენ ქვეყნები, რომელთანაც აშშ-ს ექნება უფრო მეტი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, ვიდრე სხვებს, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ვინ იქნება ეს, თუ არ იქნება ევროპა, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“, - განაცხადა კაჭარავამ.

მისი განმარტებით, ასეთი ქვეყნები შეიძლება იყოს: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და საუდის არაბეთიც.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია