გივი მიქანაძე - განათლების რეფორმას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს - გამოცდებზე რეგისტრაცია ორშაბათიდან დაიწყება და აბიტურიენტებს შეეძლებათ, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება აირჩიონ

ორშაბათიდან გაიხსნება სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე მისცემს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ, სულ მცირე, 3 პროფესიული მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული სექტორის განვითარებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბათუმში, ღია კარის დღეზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პროფესიულ სასწავლებლებში იქნება 10 600 უფასო ადგილი, ჯამში კი, წელს, უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით, სახელმწიფო 32 ათასზე მეტ ადგილს დააფინანსებს.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დღეს ბათუმიდან აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო ღია კარის დღეები, რომლის მიზანია, საზოგადოებას, განსაკუთრებით, აბიტურიენტებს და მათი ოჯახის წევრებს მაქსიმალურად დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კავშირშია ეროვნულ გამოცდებთან და იმ შესაძლებლობებთან, რომლებსაც წელს გამორჩეულად და პირველად ვთავაზობთ ჩვენს აბიტურიენტებს. მოგეხსენებათ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ის ახალგაზრდები, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სწავლას სრულიად უფასოდ შეძლებენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს 100%-იან დაფინანსებას, ამასთან კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში განისაზღვრა ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენ სამინისტროსა და ბიზნესსექტორთან ერთობლივი ძალისხმევით ჩავატარეთ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის დღეზე გვაქვს სტენდები ყველა იმ პროფესიული სასწავლებლის, როგორც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების, ასევე კერძოსი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ სახელმწიფოს დაფინანსებით, სრულიად უფასოდ, დამატებით, 10 600 ადგილს ვთავაზობთ აბიტურიენტებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაგროვილი ქულებით ვერ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს. ორშაბათიდან გაიხსნება სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე მისცემს შესაძლებლობას, რომ დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, მათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, რომ აირჩიონ სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული სექტორის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა და პირველად ხორციელდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო სთავაზობს აბიტურიენტებს სრულ დაფინანსებას, 21 600 ადგილზე უმაღლეს სასწავლებლებში და ამას ემატება 10 600 უფასო ადგილი პროფესიულ სასწავლებლებში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯამში 32 ათასზე მეტი ადგილის დაფინანსებას ვახორციელებთ წელს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იყო იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების მიმართ, ასევე პროფესიული სასწავლებლების მიმართ. აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმში ძირითადად წარმოდგენილნი არიან დასავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი მიზანია დეკონცენტრაცია მოხდეს და დასავლეთ საქართველოში მაცხოვრებელი ახალგაზრდები დაინტერესდნენ დასავლეთ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებითა და პროფესიული კოლეჯებით. მსგავსი საინფორმაციო კამპანიები და ღია კარის დღეები გაიმართება დასავლეთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საზოგადოების უმრავლესობა განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას მხარს უჭერს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით გამოვაცხადო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან, როგორც უმაღლესი განათლების რეფორმას, ასევე ზოგადი განათლების რეფორმას, აქვს სრული მხარდაჭერა. საზოგადოება ამბობს, რომ ეს იყო აუცილებელი, უმნიშვნელოვანესი და იზიარებს მზაობას, რომ სრულად ჩაერთოს ამ პროცესებში. მე ყოველ კვირა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მაქვს შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან, მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციასთან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან, აბიტურიენტების მშობლებთან, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პერსონალთან თუ პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებთან და განვიხილავთ ყველაზე აქტიურ საკითხებს, ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც რეფორმით არის განსაზღვრული და მინდა დაგარწმუნოთ, რომ არის სრული კონსოლიდირება ამ იდეის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილისაა, რომელიც ამბობს, რომ ეს რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია