ტრადიციულად, თსსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმში სამედიცინო სექტორში მოქმედი 31-მდე წამყვანი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის: მრავალპროფილური კლინიკები, სადაზღვევო კომპანიები, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული ცენტრები, ასევე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნეს საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განვითარების სტრატეგიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს, რაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს დაგეგმონ პროფესიული კარიერის შემდგომი ეტაპები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე. რექტორი დეტალურად გაეცნო ფორუმში მონაწილე ორგანიზაციების შეთავაზებებს და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საჭიროებებს. პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მნიშვნელობას, როგორც განათლებასა და შრომის ბაზარს შორის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის მექანიზმს.
მისი თქმით, დასაქმების ფორუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების დასაქმებაში, პროფესიულ ინტეგრაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.