რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც მან მონაწილეებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაუკითხა.
მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს.
„რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა ყოვლისმომცველია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პერსპექტიულ სფეროში ენერგიულად მუშაობის გაგრძელება და პროექტების განვითარება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გულწრფელად ცდილობს, რომ აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს“, - აღნიშნული იყო მიმართვაში.
ამასთან, კირიენკომ, ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის რეგიონები აფხაზეთს კოლეჯების რემონტსა და სოხუმში სკოლის ფილიალის მშენებლობაში დაეხმარებიან.
„სანქტ-პეტერბურგის მთავრობა თავის თავზე იღებს აფხაზეთის დედაქალაქში, კოლეჯების რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევას, მოსკოვის ოლქის მთავრობა კი იღებს ვალდებულებას, ააშენოს ცნობილი პრიმაკოვის სკოლის ფილიალი აფხაზეთის დედაქალაქში“, - განაცხადა კირიენკომ.
მისი მტკიცებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა სისტემური და სტრატეგიული ხასიათისაა და პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა აფხაზეთისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის „რესპუბლიკის მოქალაქეების“ სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.
მისი მტკიცებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა, რაც მოიცავს არა მხოლოდ ელექტროენერგიის აფხაზეთში გაგზავნას, არამედ ქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების და აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების რეკონსტრუქციის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებასაც. კირიენკოს თქმით, ენერგომომარაგების სექტორში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და სტაბილურ და საიმედო ენერგოწყაროზე წვდომის გარეშე, ამჟამად განხილვის პროცესში არსებული საინვესტიციო პროექტების უმეტესობას განხორციელების შანსი არ აქვს.
ცნობისთვის, სოხუმში ეკონომიკური ფორუმი „აფხაზეთი: ინვესტიციები მომავალში“ გაიხსნა. ღონისძიებაზე დასასწრებად დელეგაციები ჩავიდნენ ოკუპირებული ცხინვალიდან და მოსკოვიდან. მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ ფორუმის ფარგლებში „სამი სამთავრობათშორისო შეთანხმების, ერთი უწყებათშორისი შეთანხმების, 15 სამთავრობათშორისო და უწყებათშორისი მემორანდუმის და 19 საწარმოებს შორის შეთანხმების“ ხელმოწერა იგეგმება.