საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს (ADAU) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორებმა - აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და პროფესორმა ზაფარ გურბანოვმა მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მხარეებმა აგრარული მიმართულებით საგანმანათლებლო-კვლევითი პარტნიორობის შესაძლებლობების, სტუდენტების აქტიური ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივების, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების შემუშავების თაობაზე მოსაზრებები შეაჯერეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტების რექტორებმა თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო იმ მხარდამჭერ პროექტებსაც, რომლებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდებს სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართულობისა და მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას შეუქმნის.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის ჭრილში გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და მისი რეალიზება ორივე ქვეყნის აგრარული სექტორისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს. გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა, რასაც აძლიერებს ისეთი ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, როგორიცაა: ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, TRACECA, ბაქო-თბილისი-ყარსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის - აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან (ADA) და მის რექტორთან, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევთან, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, ბატონი ემინ ამრულაევი და აზერბაიჯანის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორსა და წარმომადგენლებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები წარმატებით ახორციელებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, განვიხილეთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და მოწინავე აგრარული ტექნოლოგიების სწავლების შესაძლებლობები. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან, საქართველოში, აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული პირველკურსელები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლებიან. შესაბამისად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორობას ასევე გააგრძელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ თეა ჯუღელის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი გაცილებით ქმედითი გახდება შეხვედრაზე გამოთქმული ხედვებითა და სამომავლო გეგმებით.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებით სწავლა-სწავლების განვითარება სამომავლოდ უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვესახება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ერთობლივი კვლევითი პროექტების, აკადემიური მობილობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას შეუწყობს ხელს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აგრარული მიმართულების მაღალ დონეზე განვითარებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროფესორ-მასწავლებელთა მომზადებისა და თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის და რაც მთავარია, ამ ცოდნის გაზიარებისთვის“, - აღნიშნა თეა ჯუღელმა.

როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაფარ გურბანოვმა განაცხადა, მემორანდუმის ხელმოწერით, საფუძველი ჩაეყარა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რაც ძლიერ ბიძგს მისცემს ახალი ერთობლივი პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, რაც ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ახალი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საწინდარი გახდება.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის თქმით, თანამედროვე აგრარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარება მრავალმხრივ არის დამოკიდებული როგორც ინოვაციურ კვლევებზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.

„ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ტრანსფერს, თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკის დანერგვასა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ახალი პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს აგრარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, შექმნის დამატებით პლატფორმებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისთვის და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის მდგრად განვითარებას რეგიონში“, - აღნიშნა ლიანა თარგამაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერამდე აზერბაიჯანული უნივერსიტეტის რექტორი და დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტს ესტუმრა, სადაც ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილი მდიდარი ლაბორატორიული ბაზა დაათვალიერა და სხვადასხვა აკადემიურ დეპარტამენტში მიმდინარე კვლევით პროექტებს გაეცნო.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია