„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
„დღეს დილით, „ქართული ოცნების" სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, აზერბაიჯანში რეპრესირებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა.
ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება" რამდენიმე წელია ახორციელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით, სოციალურ ქსელში "პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის" დააკავეს. უწყების თანახმად, სადიგოვს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.