„ქართული ოცნება“ ალიევის ხელისუფლებასთან გამუდმებული შეხვედრების მიუხედავად, არასდროს გვეუბნება მკაფიოდ, თუ რა საკითხებს განიხილავს, ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით ეროვნულ ინტერესებს - ძალიან საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, ახლა მაინც, მეასედ შეხვედრისას განიხილეს თუ არა გარეჯის საკითხი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გირგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის არაეროვნული ხელისუფლება, რომელიც რეალურად, ქართველი ხალხის ინტერესებს არასდროს იცავს.
„ცხადია, აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეზობელი და მოძმე სახელმწიფო. ამავე დროს, ჩვენ უნდა შევნიშნოთ და ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“, მიუხედავად ალიევის ხელისუფლებასთან საკუთარი გამუდმებული შეხვედრებისა, არასდროს გვეუბნება მკაფიოდ, თუ რა საკითხებს განიხილავს, ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით ეროვნულ ინტერესებს და ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით გარეჯის საკითხს, რომელზეც თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა პოპულისტურ-დემაგოგიური ვითომ ნაციონალისტური კამპანია. ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური იმისა, თუ როგორი არაეროვნული, არასუვერენული და არანაციონალისტურია „ქართული ოცნება“, რომელიც რეალურად, არასდროს, არაერთხელ, არაფრით არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. არც ერთ იმ საკითხზე, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის, გარეჯის საკითხზე, არასდროს ვისმენთ მკაფიო პასუხებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, ახლა მაინც, მეასედ შეხვედრისას განიხილეს თუ არა გარეჯის საკითხი, რომელზეც თვითონ აწამოებს შიდაელექტორალური მიზნებით, ამხელა ვეებერთელა პიარული კამპანია,“ - განაცხადა გეგელიამ.
გარდა ამისა, მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა. მისი თქმით, ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ რეჟიმს ავტოკრატიათა ლიგაში ათავსებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ საქართველოს სახელმწფომ საკუთარი ეროვნული და სუვერენული ინტერესები, დემოკრატიული ნორმები და სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხქვეშ გათელა, არა საკუთარი ინტერესების, არამედ გარეშე მხარის - მესამე სახელმწიფოს ინტერესების მსახურების მიზნით. ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ტენდენცია და ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმს ათავსებს ავტოკრატიათა ლიგაში. მერე ნურავის გაუკვირდება, როდესაც მსოფლიო ასპარეზზე საუბრისას, „ქართულ ოცნებას“ ავტოკრატიას უწოდებენ. ის დგას აშხაბადის კონფერენციაზე, სადაც არ არიან ის სახლმწიფოები, რომლებიც წესებზე დაფუძნებულ წესრიგს მიჰყვებიან. ის გადასცემს ადამიანებს, პატიმრებს ისეთი ტიპის სახელმწიფოებს, სადაც მათი პატიმრობის ან დამამცირებელი მოპყრობის და წამების მაღალი ალბათობაა. ეს არაერთხელ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, შესაბამისად, ის არის კლასიფიცირებული, როგორც ავტოკრატია არა მხოლოდ იმის გამო, რასაც ქვეყნის შიგნით ჩადის, არამედ იმის გამოც, როგორც ის თანამშრომლობს სხვა ავტოკრატიებთან,“ - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავა. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გუშინ ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფებოდა. დღეს კი მისმა მეუღლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.
რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს - ილჰამ ალიევი თბილისს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეხვდება.