მოსამართლემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დეპორტაცია გაეკეთებინა აფგან სადიგოვისთვისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად თავზე დაახია მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ ექსპერტმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ზვიად ქორიძის თქმით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ მართლმსაჯულება არის მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული.
„აფგან სადიგოვის დეპორტაცია განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ, რადგან ბოლომდე არ შეასრულა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაელოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას. საქართველოს ხელისუფლებამ დეპორტაცია გააკეთა ადამიანური მორალის თვალსაზრისით ყველა ნორმის დარღვევის ფორმით. როდესაც ადამიანი გრძნობს ხიფათს, შეიძლება სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე, წამების, არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ღიად წერია. ამ დროს რა გამოყენებითი მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონდეს ამ დეპორტაციის ფაქტს, არ უნდა გააკეთო...
გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეეწყვიტა საქმე, დეაქტივაცია გაეკეთებინა პასპორტის და მერე მოეთხოვა, მოდით, ახლა დეპორტაცია გაუკეთეთ აფგან სადიგოვსო, თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ აგვისტოში ან ოქტომბერში, მაგრამ გააკეთა ახლა ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ახლა სჭირდება მას ილჰამ ალიევისთვის რაღაც ფორმით ეს შეთავაზება. შეიძლება აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ ეთქვა უარი შეთავაზებაზე და დაჩქარებულად ჩატარდა სამართლებრივი სპეცოპერაცია“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავა. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გუშინ ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფებოდა. დღეს კი მისმა მეუღლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.